კახა კალაძე: მმართველ გუნდში არანაირი კრიზისი და დაშლის საფრთხე არ არსებობს

თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში არანაირი კრიზისი და დაშლის საფრთხე არ არსებობს.

მისივე თქმით, გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა, ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება კატეგორიულად მიუღებელია.

“არანაირი კრიზისი გუნდში არ არსებობს – შეიძლება გარკვეულ ძალებს და ადამიანებს სურვილი ჰქონდეთ, რომ გუნდში იყოს განხეთქილება, გუნდში იყოს კრიზისი, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს.

რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას, ეს ნორმალურია – კონკრეტულ საკითხებზე გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა. შეურაცხყოფის მიყენება, რა თქმა უნდა, ცუდია და კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და ზოგადად, გუნდისთვის. აზრთა სხვადასხვაობა კი ნორმალურია და ასეც უნდა იყოს. მე მგონი გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როდესაც ერთ ადამიანს ჰქონდა მორგებული ყველაფერი საკუთარ თავზე და ის იღებდა გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც ინსტიტუტები უნდა გავაძლიეროთ, დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა ჩამოყალიბდეს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული. ბევრია სამუშაო და ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები