ემზარ კვიციანი პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილისგან სამართლიანობის აღდგენას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის წევრი, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ემზარ კვიციანი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას მიესალმება.

შესაბამისი შეფასება კვიციანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც, მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა განახორციელოს.

კვიციანი აცხადებს, რომ პირველ რიგში„ ქართული მარშის” 7 აქტივისტი უნდა გათავისუფლდეს, რომლებსაც პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

„ძალიან კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება, მან 2012 წელს აიღო ვალდებულება, ის ვალდებულება უნდა შეასრულოს და ამ მიზნით აბსოლუტურად ყველა მხარში დავუდგებით. მაგრამ ბატონი ბიძინა თუ იმისთვის დაბრუნდა, რომ ხალხმა თავი კიდევ იგრძნოს შეურაცხყოფილად დანაპირების შეუსრულებლობის გამო, მაშინ არამგონია ეს მისთვის და ქვეყნისთვის მთლად სასარგებლო იყოს. ძალიან კარგია, რომ დაბრუნდა და ძალიან კარგია, თუ დაიწყებს სამართლიანობის აღდგენით. სამართლიანობის აღდგენა, პირველ რიგში, ჩემი აზრით, გულისხმობს იმას, რომ თანამდებობებზე არ უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის განადგურებით იყვნენ დაკავებულები“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

“ქართულ ოცნებაში“ გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები