ალექსანდრე ბარამიძემ ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტი დუბლინის კონფერენციის მონაწილეებს გააცნო

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ დუბლინის ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონულ შეხვედრაზე გახსნითი სიტყვით მიმართა ინფორმაციის თავისუფლების სამუშაო ჯგუფს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოს უკანასკნელი პერიოდის მიღწევები გააცნო, არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტის მიმდინარე რეფორმა წარადგინა.
ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მუშაობს ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე, რომელიც დაარეგულირებს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების საკითხებს. ამავე კონფერენციაზე გაეროს განვითარების პროგრამის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მიწვევით ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი რუსუდან მიხელიძე ღია მონაცემების შესახებ სესიის ფარგლებში სიტყვით წარდგა და საქართველოს, როგორც ელექტრონული მმართველობისა და ღია მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებში ერთ-ერთი წარმატებული მაგალითის შესახებ ისაუბრა. დღევანდელ სესიაზე დაგეგმილია რუსუდან მიხელიძის გამოსვლა საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, გეგმის შემუშავების პროცესსა და სამომავლო ნაბიჯებზე. ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონული შეხვედრა შემაჯამებელი სხდომით დღეს დაიხურება. ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონული შეხვედრა 8 მაისს გაიხსნა. კონფერენციას გახსნით სესიაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიმართა. კონფერენციის მუშაობაში ევროპის რეგიონის წევრი ქვეყნების სამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები