ChatGPT-ის შემქმნელმა OpenAI-მ ხელოვნურ ინტელექტთა ჭადრაკში ილონ მასკის Grok 4 დაამარცხა
ChatGPT-ის შემქმნელმა OpenAI-მ ტურნირის ფინალში ილონ მასკის “გროკი” დაამარცხა და საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის (AI) მქონე მოჭადრაკედ გამოვლინდა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ისტორიულად, ტექნოლოგიური კომპანიები ხშირად იყენებდნენ ჭადრაკს კომპიუტერის პროგრესისა და შესაძლებლობების შესაფასებლად, თანამედროვე ჭადრაკის აპარატები, პრაქტიკულად, დაუმარცხებლები არიან საუკეთესო ადამიან მოთამაშეებთანაც კი.
თუმცა, ამ შეჯიბრებაში ჭადრაკისთვის შექმნილი კომპიუტერები არ მონაწილეობდნენ – სამაგიეროდ, ის ყოველდღიური გამოყენებისთვის შექმნილ ხელოვნური ინტელექტის პროგრამებს შორის ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი კომპანიების AI სისტემები, როგორებიც არიან Google, Anthropic და DeepSeek, თუმცა ფინალში OpenAI-ს და xAI-ის წარმომადგენლები გავიდნენ.
OpenAI-ის o3 მოდელი ტურნირში დაუმარცხებელი გამოდგა და ფინალში xAI-ის მოდელი Grok 4 დაამარცხა, რითაც ორ ფირმას შორის მიმდინარე მეტოქეობას “ნავთი დაასხა”.
Google-ის მოდელმა Gemini-მ ტურნირში მესამე ადგილი დაიკავა, მას შემდეგ, რაც OpenAI-ის სხვა მოდელს აჯობა.
„”გროკმა” ამ თამაშებში ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ OpenAI-მ არა“, – თქვა ჭადრაკის დიდოსტატმა, ჰიკარუ ნაკამურამ ფინალის პირდაპირ ეთერში.
ხუთშაბათის ფინალამდე მასკმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ xAI-ის წინა წარმატება ტურნირში „გვერდითი ეფექტი“ იყო და რომ მან „ჭადრაკზე თითქმის არანაირი ძალისხმევა არ დახარჯა“.
ხელოვნური ინტელექტის მქონე ჭადრაკის ტურნირი Google-ის საკუთრებაში არსებულ პლატფორმა Kaggle-ზე გაიმართა, რომელიც მონაცემთა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, შეჯიბრებების საშუალებით თავიანთი სისტემები შეაფასონ.
როგორც მედია წერს, ხელოვნური ინტელექტის დეველოპერები იყენებენ ტესტებს, რომლებიც ცნობილია როგორც საორიენტაციო მაჩვენებლები, რათა შეამოწმონ თავიანთი მოდელების უნარები ისეთ სფეროებში, როგორიცაა მსჯელობა ან კოდირება.
როგორც კომპლექსური, წესებზე დაფუძნებული, სტრატეგიული თამაშები, ჭადრაკი ხშირად გამოიყენება მოდელის უნარის შესაფასებლად, ისწავლოს გარკვეული შედეგის საუკეთესოდ მიღწევა – ამ შემთხვევაში, მოწინააღმდეგეების მანევრირება გამარჯვების მიზნით.