გელა ზედელაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილს აკრიტიკებს-მეჩვენება, რომ მას ვიღაცები სპეციალურად უფითილებენ

მეჩვენება, რომ ვიღაცები სპეციალურად უფითილებენ, რათა რაღაც ისეთი ჩაადენინონ და ამით პოლიტიკური ქულები დაიწერონ, პროვოკატორებმა იხეირონ,-ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მალხაზ მაჩალიკაშვილის მისამართით წერს.

ზედელაშვილი მაჩალიკაშვილს გაკეთებული განცხადებებია გამო აკრიტიკებს.

“მესმის, რომ პანკისელმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა შვილი დაკარგა და ეს ძალიან მძიმეა. თუმცა დასაწყისიდან დღემდე, რაც მისი პირიდან ისმის, ნამდვილად არ არის ნორმალური!
მე ყოველთვის მოხიბლული ვიყავი და ახლაც ვარ პანკისელების აზროვნებით, მათი გამართული ქართულით, სიდინჯით, მაგრამ სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ბოლო წლებში ასეულობით ახალგაზრდა გახდა “ისლამური სახელმწიფოს” მსხვერპლი, ზოგიერთი მათგანი ტრაგიკულად დაიღუპა კიდეც. ეს არ გახლავთ მხოლოდ პანკისელების ტრაგედია, ეს მთელი საქართველოს ტრაგედია და მწუხარებაა!
და მაინც… მიუხედავად ამისა, ბატონ მალხაზ მაჩალიკაშვილს ვერ მოვუწონებ სიტყვების ჰაიჰარად ხარჯვას: “საქართველო პანკისს დაკარგავს”! “მე ვიცი, რასაც ვიზამ”! “ამას ასე არ დავტოვებ”! “მე ამოვიცანი, ვინც მოკლა ჩემი შვილი”! “მე რომც გავტყდე, ხეობა არ გატყდება, ამას არავის შევარჩენ”! “ვიწყებთ საპროტესტო აქციებს”! “მე დავიწყებ რუსეთიდან, ევროპიდან, ალაჰის წყალობით, მყავს ხალხი, რომ ამ ამბავს ასე არ დავტოვებ”!
თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი არ ჩანს გამოუცდელი და დაუფიქრებელი კაცი, აკი თვითონაც აღიარებს: ” მეშინია ერთი რამის – ჩემი სინდისისა და ჩემი კაცობის დაკარგვის. მე მეშინია ერთი ღმერთის. მე მეშინია რამე დანაშაული არ ჩავიდინო საქართველოს წინააღმდეგ”.
არადა, ის გამონათქვამები, რაც ზემოთ მოვიტანე, მიმართულია სწორედ საქართველოს წინააღმდეგ. მე პირადად მეჩვენება, რომ მას ვიღაცები სპეციალურად უფითილებენ, რათა რაღაც ისეთი ჩაადენინონ და ამით პოლიტიკური ქულები დაიწერონ, პროვოკატორებმა იხეირონ. დღეს ბევრი ნაძირალა დაძრწის მაჩალიკაშვილების გარშემო და რაღაცას ელოდება – აგერ, ინფორმაციაც მიუწოდებიათ, სპეცსამსახურები შენს წარსულში იქექებიანო. მე არ ვიცი, ვინ სად იქექება, მაგრამ ფაქტია, მავანნი აშკარად ცდილობენ, პროვოკაციაზე წამოაგონ ეს კაცი და ვიმეორებ, ამით იხეირონ!
ამ წერილის დაწერა გოგა ხაინდრავას სატელევიზიო გამოსვლამ გადამაწყვეტინა, სადაც სიმართლეს ამბობს: კი, მაგრამ მაჩალიკაშვილის გვარი მთელმა საქართველომ რომ იცის, ბერი სალოსის ქუჩაზე დაღუპული სპეცრაზმელი, ვანო გოლოშვილი ვინმეს ახსოვს, ბიძინა ივანიშვილის გარდა, რომელიც მის ოჯახს ფინანსურად დაეხმარა? ახლა მორიგი მოთხოვნა გაჩნდა, თემირლან მაჩალიკაშვილი დაზარალებულად სცანით და ყველა სპეცრაზმელი დასაჯეთო. ჯერ ერთი, გამოძიება უნდა დასრულდეს და მეორეც – ვანო გოლოშვილი რომ აღიარონ დამნაშავედ და ჩატაევი – გმირად, უკმაყოფილონი ხომ არ დარჩებით, ბატონებო?!
დღეს ვისაც არ ეზარება, ყველა საქართველოს ემუქრება და მათ რიგებში ჩადგა მალხაზ მაჩალიკაშვილიც. არადა, მუქარა უპერსპექტივოა. რჩება მხოლოდ ერთი გზა – გამოძიების დასრულება, სასამართლო პროცესები, თუ მაინც დარჩება ეჭვები, შემდეგ სტრასბურგი. დიახ, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არსებობს და ვერც ვერასოდეს იარსებებს,-წერს ჟურნალისტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები