მთავარ პროკურატურაში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებისა და მათი გამომწვევი მიზეზების თემაზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მიზანს სტუდენტებისთვის, მათთვის აქტუალურ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და ერთობლივი მსჯელობის წარმართვა წარმოადგენდა. პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის (E PluribusUnum) მომართვის საფუძველზე განხორციელდა.
„ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა: არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების სახეები და მათი გამომწვევი მიზეზები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპები, განრიდება-მედიაციის საკითხები და განრიდების რეციდივი. ასევე განიხილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიუღწეველ ბავშვთა მიმართ არსებული ღონისძიებები; არასრულწლოვანთა მიმართ დევნის წარმოება და არსებული სასჯელები. შეხვედრა, რომელსაც 30-მდე სტუდენტი ესწრებოდა, ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა დასვეს კითხვები და მიიღეს პასუხები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებთან. სისტემის მხრიდან, ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, -აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები