“მოველით, რომ ნატოს სამიტზე კვლავ დადასტურდება საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა”
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როთ სემინარის პანელზე “უსაფრთხოება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შავი ზღვის რეგიონში” – მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ. მან მიმოიხილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება და ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა. დავით დონდუამ ყურადღება გაამახვილა ბრიუსელის სამიტისთვის მზადების საკითხებზე და მოლოდინებზე.
“საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სამიტის გადაწყვეტილებით გადაიდგას კიდევ ერთი თვალნათელი ნაბიჯი ალიანსში გაწევრიანების გზაზე. მოველით, რომ სამიტზე კვლავ დადასტურდება საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და ჩვენი ალიანსში ინტეგრაციის შეუქცევადობა. ასევე, უნდა გაგრძელდეს და განვითარდეს ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში.” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
პანელში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში თურქეთის, ბულგარეთისა და უკრაინის ელჩები. დისკუსიის დროს ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ჩვენი ქვეყნის პროგრესი დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით. გამომსვლელებმა აღნიშნეს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით პროგრესის დაფიქსირების მნიშვნელობა.