ლია გიგაურმა ვეტერან პედაგოგს გამარჯვების დღე მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური 73-ე საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელს ბატონ ზიადინ გამიდოვს ოჯახში ეწვია. მას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და დაბადების 89-ე წლისთავთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დიდი სამამულო ომის ვეტერანი ზიადინ გამიდოვი 1943-44 წლებში უკრაინის ფრონტზე იბრძოდა, ორჯერ დაიჭრა, ორჯერ მიიღო „სამამულო ომის I ხარისხის“ და „კრასნაია ზვეზდას“ ორდენები. ასევე დაჯილდოებულია რამდენიმე მედლით. 1955 წელს ზიადინ გამიდოვმა დაამთავრა ქალაქ თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1955 წლიდან დღემდე ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას, მიიღო მრავალი ჯილდო და სიგელი, მათ შორის „ღირსების ორდენი“.
ლია გიგაურმა მადლობა გადაუხადა ომისა და შრომის ვეტერანს ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის. მინისტრის მოადგილემ 9 მაისი ასევე ყველა ომის მონაწილე ვეტერან პედაგოგს მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები