სერგო თეთრაძის მეუღლე: ვერანაირი განაჩენი ვერ მოგვიშუშებს იმ იარებს, რომელიც ოჯახს აქვს მიღებული

ვერანაირი განაჩენი ვერანაირად ვერ შეცვლის იმ მდგომარეობას და არ მოგვიშუშებს იმ იარებს, რომელიც ოჯახს აქვს მიღებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლემ, ნანა თეთრაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებული უნდა იყოს, ვიდრე ის ვადა, რომელიც ბაჩო ახალაიას მიესაჯა.
“6 წელი და 7 თვე გავიდა დღეს მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე სიცოცხლეს გამოასალმეს. ძალიან მტკივნეული იყო თითოეული დღე და ვერანაირი განაჩენი ვერანაირად ვერ შეცვლის იმ მდგომარეობას და ვერ მოგვიშუშებს იმ იარებს, რომელიც ოჯახს აქვს მიღებული. მიუხედავად ამდენი წამებისა, არაადამიანური მოპყრობისა და უბედურების კორიანტელისა, რაც ჩემს მეუღლეს დაატყდა თავს, ის ძალიან ღირსეულად წავიდა ამ ქვეყნიდან და არ აღიარა შეკერილი საქმე, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო აბსურდული. ვთვლი, რომ ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებული უნდა იყოს, ვიდრე ის ვადა, რომელიც მას მიესაჯა”, – განაცხადა ნანა თეთრაძემ.
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები