ქართული საუნივერსიტეტო დელეგაცია სან-დიეგოში ABET-სიმპოზიუმს დაესწრო

ქართული საუნივერსიტეტო დელეგაციის წარმომადგენლები, სანდიეგოში, ABET-ის სააკრედიტაციო სიმპოზიუმს პირველად დაესწრნენ.
როგორც „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოსა და მისი პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ABET-ის სიმპოზიუმის პარალელურად, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ინტენსიურ ტრენინგ-კურსებსაც დაესწრნენ.
ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც მიზნად ისახავს ქართული უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებამდე ამაღლებას. ეს კი სამომავლოდ, საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში STEM-ის ხარისხის დიპლომების დანერგვის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება.
15-კაციანი ქართული საუნივერსიტეტო დელეგაცია ABET-ის სააკრედიტაციო სიმპოზიუმზე, უნივერსიტეტების მიხედვით, სამ ჯგუფად იყო წარმოდგენილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯგუფები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ABET-ის სიმპოზიუმში მონაწილის სტატუსით
ჩართულნი იყვნენ სამშენებლო და ენერგეტიკის ფაკულტეტების პროფესორები: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი, კონსტანტინე ბზიავა, ლალი ხუნწარია, გიორგი გიგინეიშვილი და სტუ-ის ABET-აკრედიტაციის საქმიანობის კოორდინატორი ალექსანდრე ზედელაშვილი. ქართული საუნივერსიტეტო დელეგაციის ABET-ის სიმპოზიუმში ჩართულობის მხარდამჭერი იყო „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში.
ABET-ის სიმპოზიუმი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აკრედიტაციის პროცესების, ასევე,საინჟინრო-ტექნიკურ დარგებში საგანმანათლებლო კუთხით დაგროვილი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისთვის. სიმპოზიუმის ძირითადი მიზანი მოაზროვნეთა ერთ სივრცეში შეკრება და საგანმანათლებლო სისტემებისა და უმაღლესი ტექნიკურ-საინჟინრო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების დასახვეწად უახლესი სტრატეგიების, ინოვაციური მიდგომებისა და პრაქტიკის გაზიარებაა.
დღეიდან კი, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოსა“ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში დახმარებით, სტუ-ს სტუმრობენ ABET-აკრედიტაციის წარმომადგენლები, რომლებიც სამშენებლო, ინფორმატიკისა და ენერგეტიკის ფაკულტეტებზე ABET-სააკრედიტაციო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები