თბილისის N109 ბაგა-ბაღმა ფუნქციონირება ალტერნატიულ ფართში გააგრძელა

ავარიულობის გამო დახურული N109 ბაგა-ბაღის ფუნქციონირება განახლდა. საბავშვო ბაგა-ბაღის  731 აღსაზრდელი  იმავე უბანში მდებარე ალტერნატიულ ფართშია გადაყვანილი.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, ბაღის ადმინისტრაციისა და კომპანია „დირსის“ წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევით, ალტერნატიული ფართის მცირე ინფრასტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, შენობის სამ სართულზე შეტანილია ბაგა-ბაღის ინვენტარი.

„დაპირებისამებრ, 23 აპრილიდან N109 საჯარო ბაღმა სრულფასოვნად შეძლო ფუნქციონირების გაგრძელება ალტერნატიულ ფართში. გასულ უქმეებზე შეუსვენებლად ვიმუშავეთ, რათა ბაღს დღეიდან აღსაზრდელები შეუფერხებლად მიეღო. ჯგუფებში დამონტაჟდა ვიდეო-კამერები, მიმდინარეობს უსაფრთხოების ბადეების მონტაჟიც, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ბავშვთა უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს კეთილმოწყობილი გარემო. მნიშვნელოვანია, რომ არსებული მდგომარეობა მისაღებია როგორც ბავშვებისათვის, ისე მათი მშობლებისათვის,“ – განმარტა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძემ.

N109 ბაგა-ბაღი გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მისი ავარიულობის შესახებ დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოამზადა, რომლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, სააღმზრდელო პროცესი დაუყოვნებლივ შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები