„ჩვენი სიძლიერე წარმოდგენილი გვაქვს მხოლოდ ნატოსთან, ევროკავშირთან თანამშრომლობით”

„ჩვენი სიძლიერე წარმოდგენილი გვაქვს მხოლოდ ნატოსთან, ევროკავშირთან და დასავლურ ცივილიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით”,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ბათუმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარის გაიხსნაზე განაცხადა.
ლევან იზორია საერთაშორისო სემინარის მონაწილეებს მიესალმა და სიტყვით მიმართა.
„ჩვენ წლების განმავლობაში დავიწყეთ რა ნატოსთან მჭიდრო თანამშროლობა ვიღებთ მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპის დაცვის კუთხით. ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით და ეს არის პრინციპული პოზიციები, რომლებიც თქვენთან ერთად, მომავალ წლებშიც უნდა გავამტკიცოთ და შედეგამდე მივიყვანოთ – რასაც ქვია საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და მშვიდობიანი გზით, ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში დაბრუნება”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ლევან იზორიამ თავის გამოსვლაში ყურადღება ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა და თავდაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, რეფორმების შედეგად არსებული პროგრესი აღიარებულ იქნა პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან და საქართველოს წარმატებების უკეთ გაცნობის მიზნით, სამინისტრო ერთ თვეში საერთაშორისო კონფერენციას გამართავს, რომელზეც საქართველოს გამოცდილება და არსებული წარმატებები ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის იქნება გაზიარებული. მინისტრმა თავდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყების აქტივობები ნატოს სტანდარტების სრულ თანხვედრაშია.
„წლევანდელი წელი ჩვენ ლოგისტიკის განვითარების წლად გამოვაცხადეთ, რითაც აბსოლუტურ თანხვედრაში ვართ ნატოს მიერ წელს გამოცხადებულ პრიორიტეტებთან. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას და ამ ვალდებულებას მომავალშიც გავაგრძელებთ, რადგან ჩვენი სიძლიერე წარმოდგენილი გვაქვს მხოლოდ ნატოსთან, ევროკავშირთან და დასავლურ ცივილიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ 23-25 აპრილს, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, საქართველო საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმს მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები