აფრასიძეების ცხედრებს ექსჰუმაცია ჩაუტარდათ – “ექსპერტიზა ნათელს მოჰფენს რეალობას”

რამდენიმე თვის წინ ექსჰუმაცია ჩაუტარდა სოფელ ეცერში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ომეხ და ევგენი აფრასიძეების ცხედრებს, რომლებიც თბილისში სამხარაულის ექსპერტის ბიუროში გადმოასვენეს. ამის შესახებ გაზეთი “პრაიმტაიმი” დღევანდელ ნომერში წერს.  პროკურატურა ექსპერტიზის შედეგების გახმაურებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, თუმცა აფრასიძეების ოჯახში გამოცემას დაუდასტურეს, რომ ექსჰუმაცია ნამდვილად ჩატარდა, კვლევის მიზანს კი გარდაცვლილთა სხეულზე არსებული დაზიანებების შესწავლა წარმოადგენდა.

“დიახ, გიდასტურებთ, რომ ექსჰუმაცია ნამდვილად ჩატარდა. ეს მოხდა რამდენიმე თვის წინ.  ცხედრები ეცერიდან თბილისში გადმოასვენეს. ექსპერტიზის დეტალები ამ ეტაპზე ჩვენთვისაც უცნობია, თუმცა ცხადია, რაღაც ტიპის ინფორმაციები გვაქვს. მთავარია, რომ ეს ექსპერტიზა ნათელს მოჰფენს რეალობას, როგორ და რამდენად სასტიკი მეთოდებით მოხდა ყველაფერი”, – ამბობს “პრაიმტაიმთან” საუბრისას გარდაცვლილი ევგენი აფრასიძის შვილისშვილი, ლედი აფრასიძე.

შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 24 მარტს გულუას სპეცდანიშნულების რაზმმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციისა და უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სოფელ ეცერში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია დილის 7:30 საათზე დაიწყო. პარალელურად საზოგადოებას ეცნობა, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების, ასევე, ძებნაში მყოფ ბრალდებულთა ადგილმდებარეობის დადგენა-დაკავების მიზნით ხორციელდებოდა. საერთო ჯამში, სპეცოპერაციაში მონაწილეობა მიიღო შსს-სა და უშიშროების რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა.

სპეცოპერაციის დროს მოხდა ევგენი აფრასიძის ლიკვიდაცია, ასევე, მოკლეს მისი ერთ-ერთი ვაჟი ომეხ აფრასიძე, კიდევ ორი ვაჟი – გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააპატიმრეს. მათ მოგვიანებით 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ძმები აფრასიძეები 2013 წელს ამნისტიის შედეგად გათავისუფლდნენ.

 

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები