არჩილ კაიკაციშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და „Freedom House“-ის დასკვნები მიუთითებენ ერთადერთზე – პოლიტიკაში ახალი სახეები უნდა გამოჩდნენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და „Freedom House“-ის დასკვნები, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხარისხის შეფასებებზე გამოქვეყნდა, მიუთითებენ ერთადერთზე – საჭიროა ახალი პოლიტიკა, ხალხის თანამონაწილეობის გაზრდა ქვეყნის მმართველობით პროცესში და ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების მოსვლა – ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ასეთი შესაძლებლობების გაჩენით იქნება შესაძლებელი მოსახლეობის გარკვეული სკეპტიციზმის შეცვლა და ნდობის აღდგენა სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და „Freedom House“-ის დასკვნები, ობიექტურად ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და მკვეთრ პასუხებს მოითხოვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაკეთებულ შეფასებებზე.
მისივე თქმით, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და „Freedom House“-ის დასკვნებს შორის განსხვავებები მაინც არსებობს. „Freedom House“-ის ანგარიში ცალმხრივად განიხილავს მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის მაჩვენებლებს, არ ეყრდნობა დამოუკიდებელ წყაროებს და მიდრეკილია ტენდენციურობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ „Freedom House“-ის ანგარიში ქართულ მედიას უწოდებს კრიტიკულს და მრავალფეროვანს, დასაბუთებული არ არის რომელიმე სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ვარაუდებზე მითითება.
„ამასთან, ტელეკომპანიებს შორის მფლობელთა ცვლილება განხილული არ არის კომერციული ინტერესების საფუძვლებიდან. ამასთან, გაუგებარი რჩება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის კრიტიკა ძალაუფლების კონსოლიდაციაზე მითითებით, ვინაიდან საკონსტიტუციო რეფორმა, ხარვეზების მიუხედავად, ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, არ ტოვებს ძალაუფლების კონსოლიდაციის საფრთხეს. რაც შეეხება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, დასმული საკითხთა განხილვით მეტ შინაარსობრივ დასაბუთებას იძლევა და ეფუძნება დამოუკიდებელი წყაროების მონაცემებს, მათ შორის საჯარო უწყებების მონაცემებსა და საზოგადოებრივი პროცესის დამოუკიდებელ ანალიზს“, -აცხადებს კაიკაციშვილი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის შეფასებით, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და „Freedom House“-ის დასკვნებში სასამართლო ხელისუფლების მიმართ გამოთქმული პრეტენზიები უკიდურესად საყურადღებოა.
„ორგანიზაცია სრულად ეთანხმება მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების დროს პროცესუალურ დარღვევებზე მითითებებს და საქმეთა გადატვირთულობის შესახებ ჩანაწერს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს სასამართლო სისტემაში უფლებების დაცვის შესაძლებლობებსა და საერთო მდგომარეობაზე. ანგარიშებში დამაფიქრებელია და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეაგირებას მოითხოვს ცალკეული მოსამართლეების უფლებამოსილების განხორციელების შეფასებები, რომელთა საერთო ანალიზი, არ გამორიცხავს სასამართლო სისტემაში, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე კორუფციულ გარიგებათა არსებობას. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმე. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ორგანიზაცია აშშ-ის საელჩოსთან საქართველოში აგრძელებს კომუნიკაციას კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ლისის ტბის წართმევის საქმეზე სამართალწარმოების პროცესს. საქმეზე ინტერესი აშშ საელჩოს მხრიდან 2018 წლის იანვარში გამოითქვა“, – აცხადებს კაიკაციშვილი.
კაიკაციშვილის განცხადებითვე, სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სოციოლოგიური კომპანიები და არ ხდება საზოგადოებრივი აზრის მიუკერძოებელი შესწავლა.
„საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები ქვეყნის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშებში, ხშირად უთითებენ ეროვნულ დონეზე მოქმედი იმ ორგანიზაციების პოზიციებს, რომელთა შეხედულებები, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებრივი პოზიციებისგან რადიკალურად განსხვავებულია. იმ ვითარებაში, როდესაც სახეზეა ანტიპარტიული განწყობები, არ არსებობს თავისუფალი ფული და ბლოკირებულია საგრანტო პოლიტიკა, დამოუკიდებელ ორგანიზაციებს არ ეძლევათ განვითარების შესაძლებლობები, ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს ანალიტიკური აზროვნება, ყოველივე ზემოაღნიშნული კი ამუხრუჭებს დემოკრატიულ პროცესების ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარებას, არამდგრადს ხდის ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციურ მექანიზმებსა და საფუძველი ხდება დაშვებულ იქნეს ცალკეული ცდომილებები საერთაშორისო შეფასებებში“, -განაცხადა კაიკაციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები