“როცა ჩამოდიხარ ბათუმში, ხვდები, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება და საქართველოს ძალიან კარგი მომავალი აქვს”

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აჭარის რეგიონს ეწვია, სადაც ნატო-ს კვირეულის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართა შეხვედრა.
მიხეილ ჯანელიძემ მოწვეულ სტუმრებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ამ გზაზე არსებულ პროგრესზე ისაუბრა. მინისტრმა ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობები მიმოიხილა. ასევე ყურადღება გაამახვილა გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს როლზე.
“ნატოსთან ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. ეს შედეგი მიღწეულია ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ამას ვაკეთებთ გეგმაზომიერი, კარგად გააზრებული და გონივრული ნაბიჯებით, რითიც ვაძლიერებთ ჩვენს უსაფრთხოებას და საბოლოო მიზნისაკენ სწრაფვას, რომელიც უკავშირდება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას”, – აღნიშნა ჯანელიძემ.
მისი განცხადებით, საქართველოს ევრო-ატლატიკური ინტეგრაციის პროცესი არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და უკავშირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და კეთილდღეობას. “როდესაც ჩამოდიხარ ბათუმში, ხვდები, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად ძალიან სწრაფად და სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ძალიან კარგი მომავალი აქვს. დღეს ჩვენ აჭარაში ვხედავთ სწორი განვითარების პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ამ მიზანს ემსახურება ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკა. ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, ეს არის ჩვენი შიდა პოლიტიკის განმსაზღვრელი, რადგანაც მას უკავშირდება ძალიან ბევრი რეფორმა და ღონისძიება და ეს ღონისძიებები გარდაქმნის ჩვენს ქვეყანას ძლიერ, დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოდ”, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მან ისაუბრა ნატო-ს დღეების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართულ და დაგეგმილ შეხვედრებზე და განაცხადა, რომ ეს შეხვედრები ემსახურება ევროინტეგრაციის პროცესების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. მან თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. “საქართველოს მთავრობა მოქმედებს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთით, ჩვენი მოსახლობის არჩევანია დასავლური, ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ჩვენ ყველანი ვემსახურებით ამ დაკვეთას” – განაცხადა მინისტრმა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხალვაშმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ.
წელს, ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.
ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები