მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით, ნიუ-იორკს ეწვევა

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სამუშაო ვიზიტით, 23-25 აპრილს ნიუ-იორკს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში – „High level meeting on peacebuilding and sustaining peace”.
საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის სეგმენტის მონაწილეებს და საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს ოკუპირებული ტერიტორიების სახით საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ასევე ისაუბრებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ”, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.
გენერალური დებატების ფარგლებში გაერო-ში საქართველოს ორგანიზებით გაიმართება პარალელური ღონისძიება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების თემაზე – „Achieving sustainable peace based on the respect of human rights”, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერი დამსწრე საზოგადოებას მიაწოდებს ინფომაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას გენერალურ დებატებში მონაწილე გაეროს წევრი სახელმწიფოების მაღალი რანგის დელეგატები დაესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები