აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთის ჯარი ქართველებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აკავებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, რომელიც დემოკრატიის, ადამიანისა და მშრომელთა უფლებების შემსწავლელმა ბიურომ მოამზადა, ყურადღება გამახვილებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე, მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.

ანგარიშის თანახმად, 2008 წლიდან დღემდე, რუსეთის ჯარი ადგილობრივ მოსახლეობას, ეთნიკურად ქართველებს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აკავებს. მათივე შეფასებით, რუსეთის ჯარი აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დე ფაქტო მთავრობები აკონტროლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი დაცულია, 2008 წლიდან დღემდე, რუსეთის ჯარი ადგილობრივ მოსახლეობას, ეთნიკურად ქართველებს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აკავებს. რუსეთი აგრძელებს ე.წ. ბორდერიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველებს დე ფაქტო მთავრობები პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში მონაწილეობას კატეგორიულად უკრძალავენ, 300 ათასამდე იძულებით გადაადგილებულ პირს არ აქვს უფლება, დაბრუნდეს საკუთარ მიწაზე, მათი ქონებრივი უფლებები დარღვეულია. აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეებს შესვლა ეკრძალებათ. ამ დაბრკოლების გამო, გარკვეული ინფორმაცია ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ დაფარული რჩება“, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტში შეშფოთებაა გამოხატული საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობის გამო, რომლებმაც მცოცავი ოკუპაციის შედეგად, დაკარგეს სასმელ წყალსა და სამეურნეო მიწებზე წვდომის საშუალება, ასევე, რუსი ჯარისკაცების მიერ მავთულხლართების უკანონო გავლების გამო, ამ ხალხს სასაფლაოზე გასვლის საშუალებაც აღარ აქვს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე და იქვე აღნიშნულია, რომ სეპარატისტულმა რეჟიმმა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის საქმეზე მოკვლევა შეწყვიტა და დღეს საქართველოს მთავრობა მკვლელობაში ბრალდებულ პირს ინტერპოლის წითელი ცირკულარის საშუალებით ეძებს.

ამავე ანგარიშში წერია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე 2008 წლის ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულის ფაქტებს დღემდე იძიებს, ხოლო რაც შეეხება სხვა საკითხებს, ანგარიშის თანახმად, საქართველოში მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში. შემცირებულია ასევე პატიმრების სიკვდილიანობა. თუმცა, მათივე შეფასებით, პრობლემად რჩება წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირებისა და მსჯავრდებულების ერთ საკანში მოთავსების საკითხი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ეს პრობლემა იკვეთება გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ასევე, პრობლემას წარმოადგენს შშმ პატიმრების მდგომარეობა, რადგან ციხის ადმინისტრაციას არ აქვს გათვალისწინებული მათთვის ინფრასტრუქტურის გამართვა.

ანგარიშის თანახმად, 2017 წელს დაკავების პროცესში დაფიქსირდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და ძალადობის ფაქტი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო.

“სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის ათი შემთხვევა დაფიქსირდა“, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის დეკემბერში წინა ხელისუფლების რამდენიმე წევრს, პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო, პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები