„ნეოკლასიციზმი – დაბრუნება იდეალთან“ – დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ვასილ შუხაევის გამოფენას უმასპინძლებს

8 აგვისტოს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში  ვასილ შუხაევის გამოფენა – „ნეოკლასიციზმი – დაბრუნება იდეალთან“ გაიხსნება.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ვასილ შუხაევი მეუღლესთან – ვერა შუხაევასთან ერთად საქართველოში 1947 წელს, მაგადანში გადასახლებიდან განთავისუფლების შემდგომ, ალექსანდრ გრიბოედოვის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექციის მოწვევით ჩამოვიდა. მას აკრძალული ჰქონდა რუსეთის დიდ ქალაქებში ცხოვრება. თბილისი და საქართველო არ იყო მხოლოდ მისი იძულებითი გადაადგილების ადგილი. საქართველო გახდა ქვეყანა, რომელმაც მხატვარს ცხოვრებისა და შემოქმედების გაგრძელების საშუალება მისცა. პრობლემების მიუხედავად, ვასილ შუხაევს საქართველოდან წასვლაზე არასდროს უფიქრია.
თბილისი – მისი არჩევანი, საქართველო კი მეორე სამშობლო გახდა.
„განუზომელია ვასილ შუხაევის წვლილი რუსული მოდერნისტული ხელოვნების განვითარებაში, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რომელიც მან საქართველოში ცხოვრების დროს შექმნა და რომლის უდიდესი ნაწილი, მისივე ანდერძით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა.
ოქტომბრის რევოლუციის წლებში და მერეც საქართველო, კონკრეტულად კი – თბილისი ხშირად იყო დევნილ ნიჭიერ შემოქმედთა თავშესაფარი. ბევრმა მათგანმა დიდი გავლენა მოახდინა თანადროული ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაზე. პარადოქსია, მაგრამ საქართველო დღესაც რუსეთიდან დევნილ შემოქმედთა თავშესაფარია. 1910-1920-იან წლებში ეს მხატვრები, რეჟისორები, პოეტები, მოხვედრილნი მეტად თავისუფალ, შემოქმედებით და მეგობრულ გარემოში, ორგანულად ერწყმოდნენ ქართულ კულტურულ სივრცეს; მათი შემოქმედებითი და მეგობრული კავშირები ქართველ თანამოაზრეებთან ტფილისური ავანგარდის ფეიერვერკული ატმოსფეროს საწინდარი გახდა.
საქართველო ამ ფუნქციას საბჭოური მმართველობის დროსაც კი ინარჩუნებდა. მიუხედავად მძიმე იდეოლოგიური წნეხისა, საქართველო საბჭოთა კავშირის რუკაზე, შესაძლოა, თავად ქართველი ხალხის ბუნების გამო, მაინც რჩებოდა ტერიტორიად, სადაც თავისუფლების განცდა შენარჩუნებული იყო.
ნეოკლასიციზმი, როგორც სტილური მიმდინარეობა, რუსეთში მოდერნის მოჭარბებული დეკორატივიზმისა და ავანგარდის რადიკალურ ცვლილებათა ანტითეზაა და მეტ წესრიგსა და კლასიკურ თავშეკავებულობაზე დაფუძნებული ახალი პლასტიკური ენის ძიებისას ვლინდება. ავანგარდული ძიებანი და სიახლეები ყოვლისმომცველი და აქტიური იყო. ის შეესაბამებოდა ტექნოლოგიური სიახლეებით, რევოლუციებითა და ომებით მოცულ ბობოქარ ეპოქას. საპირისპიროდ ამისა, ხელოვნების განვითარების მეორე პოლუსზე მხატვრები ცდილობდნენ, თანამედროვე ეპოქა კლასიკური ხელოვნების ენაზე აემეტყველებინათ. ნეოკლასიციზმის იდეები მწყობრად იყო გამოვლენილი მხატვართა, ფერმწერთა და გრაფიკოსთა გაერთიანებაში „წმინდა ლუკას ფერმწერთა გილდია“, რომელიც 1918 წელს პეტროგრადში დიმიტრი კარდოვსკიმ დააარსა და რომლის მთავარი წევრები იყვნენ მისი მოწაფეები – ვასილ შუხაევი და ალექსანდრე იაკოვლევი – ორი აიაქსი, როგორც მათ ჟურნალისტები და კრიტიკოსები უწოდებდნენ. მათი ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ იყო დაკავშირებული. რუსი ავანგარდისტი მხატვრებისგან განსხვავებით, ისინი მოწადინებულნი იყვნენ, სახვით ხელოვნებაში დაებრუნებინათ ძველ მხატვართა ფერწერისა და ნახატის კლასიკური ტრადიციები. ორგანიზაცია მალე დაიშალა, მაგრამ ვასილ შუხაევი თითქმის მთელი თავისი ხანგრძლივი შემოქმედების განმავლობაში ამ იდეის ერთგული დარჩა. მისი მეთოდი თითქმის ყოველთვის ემყარებოდა მაღალი რენესანსის ფორმისეულ პრინციპებს.
1920 წელს ვასილ შუხაევმა მეუღლე ვერა შუხაევასთან ერთად პეტროგრადი დატოვა, საფრანგეთში 15-წლიანი ცხოვრების შემდეგ, 1935 წელს კი ლენინგრადში დაბრუნდა. გასაკვირი არ არის, რომ შემდეგ მოვლენები დრამატულად წარიმართა.
1937 წელს ვასილ და ვერა შუხაევები დააპატიმრეს. 1938 წლის შემოდგომამდე მათ ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ. ორივე კოლიმის ბანაკებში იყო.
1945 წლის გაზაფხულზე ცოლ-ქმარი გათავისუფლდა, მაგრამ კიდევ ორი წელი მაგადნის დატოვების უფლება არ ჰქონდათ. ერთადერთი ქალაქი, რომელმაც ისინი მიიპატიჟა, თბილისი იყო. აქ მხატვარი აქტიურ შემოქმედებით და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.
1954 წელს თბილისში ვასილ შუხაევის პერსონალური გამოფენა გაიმართა. 1936 წლის შემდეგ ეს პირველი გამოფენა იყო, რომელზეც დიდმა მხატვარმა საფრანგეთსა და საქართველოში უმაღლესი პროფესიონალიზმით შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები წარმოადგინა. ვასილ შუხაევის გარდაცვალების შემდეგ 100-მდე ნამუშევარი, მისივე ანდერძით, მხატვრის ქვრივმა ვერა შუხაევამ საქართველოს ხელოვნების მუზეუმს გადასცა. ამ შესანიშნავი ჟესტით ვასილ შუხაევმა მადლობა გადაუხადა ქვეყანას, რომელსაც თავის მეორე სამშობლოდ თვლიდა.
ვერა შუხაევა თამაზ სანიკიძისადმი მიწერილ წერილში წერდა: „ძალიან მინდა, შუხაევის საუკეთესო ნამუშევრების რაღაც ნაწილი საქართველოში დარჩეს და არ იყოს გაბნეული მთელ კავშირში. …მუზეუმს საჩუქრად გადმოვცემ შუხაევის ნამუშევრებს და იმედი მაქვს, რომ რაღაც რაოდენობა მუდმივ ექსპოზიციაზე იქნება წარმოდგენილი. ამასთანავე, ვიმედოვნებ, რომ ნამუშევრების მიღების შემდეგ თქვენ ნაჩუქარი სურათების დროებით გამოფენას მოაწყობთ“.
ვასილ შუხაევმა საქართველოში 28 წელი იცხოვრა, 28 წელი ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.
გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები და საარქივო დოკუმენტები.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ნანა შერვაშიძის ავტორობით გამოიცა ვასილ შუხაევის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი კატალოგი. კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება გამოფენის გახსნის დღეს.

გამოფენა  21 სექტემბრამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები