სომხეთში საპროტესტო აქცია განახლდა
დღეს, დილიდან, ერევნის შემოგარენში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეკრება და მსვლელობისთვის მზადება დაიწყეს. გუშინ სომხური ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებს მობილიზებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რათა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა გააპროტესტონ.
საპროტესტო აქცია ამ წუთებში, კოკისპირული წვიმის მიუხედავად, მაინც მიმდინარეობს. მსვლელობას გზაზე მალევე გადაეღობა პოლიცია და მომიტინგეები გააფრთხილა, არ გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი. ნიკოლ ფაშინიანმა კი პასუხად განაცხადა, რომ აქციის მსვლელობისას, სპონტანურ გადაწყვეტილებებს ვერ გამორიცხავს.
საპროტესტო ტალღის აგორების მიუხედავად, სამშაბათს, სომხეთის პარლამენტმა სერჟ სარგსიანი, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, პრემიერ-მინისტრად აირჩია, მანამდე ის ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.