გია ვოლსკი: ერთი გუნდის წევრებმა ერთმანეთთან ეთერით არ უნდა ვისაუბროთ
„ერთმანეთის მიმართ გამონათქვამებს უფრო უნდა დავუკვირდეთ და მეტი სიფრთხილე უნდა გამოვხატოთ, რადგან ჩვენი გუნდისთვის საქმიან ატმოსფეროში არც კამათია უცხო და ეს პოზიტიური შედეგის მომტანიც არის“,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ის დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამაში საწყენი არაფერია, უბრალოდ ერთი გუნდის წევრებმა ეთერით არ უნდა ისაუბრონ.
„ეს გამონათქვამები მედიისთვის არის საინტერესო, ჩემთვის აქტუალური აღარ არის. დავით ჭიჭინაძე განსწავლული ადამიანია და კარგი გამოცდილება აქვს იმ დარგებში, რომელ კომიტეტებშიც მუშაობს. მის განცხადებაში საწყენი არაფერია, უბრალოდ, ერთ დერეფანში დავდივართ, ერთად ვართ და ღია ეთერით არ უნდა ვისაუბროთ. ეს ამოცანა და იდეაა, რომლის გამოც უახლოეს მომავალში სხდომა გაიმართება. რომ გვაკრიტიკებს, პრეტენზია და რაღაც საკითხებზე სხვა მოსაზრება აქვს, შეკრება და ამ საკითხების შიგნით, ოჯახში გარჩევა აქტუალური სწორედ ამიტომ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გია ვოლსკიმ, „კოლექტიური ზარდიაშვილების“ თაობაზე, დავით ჭიჭინაძის განცხადებას არაკორექტული უწოდა, რასაც მოგვიანებით ჭიჭინაძე გამოეხმაურა, კიპლინგის მაუგლი გაიხსენა და განაცხადა, რომ ვოლსკი ვეღარ გრძნობს რა არის კორექტული და რა არაკორექტული.