ლევან ყიფიანი: 26 მაისს აღლუმი, ალბათ, არ იქნება

   საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, 26 მაისს აღლუმი ალბათ არ იქნება. მისივე თქმით, 26 მაისი აღინიშნება, თუმცა ის განსაკუთრებული პომპეზურობის გარეშე ჩაივლის.
“იქნება ზედმეტი პომპეზურობის გარეშე, მაგრამ ჩვენი ხალხი აუცილებლად აღნიშნავს ამ დღესასწაულს ისე, როგორც ეკადრება”, – განაცხადა ყიფიანმა. კითხვაზე, იქნება თუ არა აღლუმი, ლევან ყიფიანმა აღნიშნა, რომ “ალბათ, არ იქნება”.
26 მაისის საორგანიზაციო კომისია დღეს შეიკრიბება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, საორგანიზაციო საკითხებზე სამთავრობო კომისია მუშაობს. როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპკორპუსის წევრების დაპატიჟებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, თუ რა იგეგმება, მისთვის უცნობია. ასევე არ არის გადაწყვეტილი, ჩატარდება თუ არა სამხედრო აღლუმი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღესასწაული იქნება. მისი უწყებიდან კომისიის მუშაობაში ჩართულია მისი მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები