დიმიტრი ხუნდაძე: ნარკოტიკების ჭარბი პოპულარიზება ხდება, თითქოს, მის გარეშე ხაჭაპურისა თუ კუბდარის გამოცხობა არ შეიძლება

„ბოლო პერიოდში, მარიხუანაზე საუბარი და მისი პოპულარიზება აქტიურად მიმდინარეობს. ხშირია, როცა ცნობადი სახეები მის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამით ნარკოტიკების პოპულარიზებას ეწევიან“, – აცხადებს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე და მარიხუანას მოხმარების მძიმე შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას.
ხუნდაძის განცხადებით, ის პირადად დეკრიმინალიზაციის მომხრეა, თუმცა არა გაუთვლელის და დაუთვლელის.
„მარიხუანა არის მძლავრი ჰალუცინოგენი და არ შეიძლება ის იყოს უსაფრთხო. მისი მოხმარება იწვევს ქცევით აშლილობებს, კოორდინაციის დარღვევას, ჰალუცინაციას და სხვა დაავადებებს. მარიხუანას „კარიბჭის ნარკოტიკასაც“ კი უწოდებენ, რამეთუ, მისი მომხმარებლების 30% მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე გადადის. ჩვენთან კი მისი ჭარბი პოპულარიზება ხდება… უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე… რატომღაც, ის გარკვეულ ტრადიციებთან გავაიგივეთ, თითქოს, ხაჭაპურისა თუ კუბდარის მარიხუანას გარეშე გამოცხობა არ შეიძლება… დეკრიმინალიზაციის მომხრე ვარ და არა დაუთვლელი და გაუთვლელი სამართლებრივი რეგულაციების, რომელიც რისკფაქტორია. რეგულაციები იმდაგვარი უნდა იყოს, რომ მოხმარება არათუ გაიზარდოს, პირიქით – შემცირდეს… დღეს პროცესები სწორად იმართება, ჩართულია ყველა პასუხისმგებელი უწყება“, – აცხადებს ხუნდაძე.
მისივე განცხადებით, არ შეიძლება, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა პრიმიტივამდე დავიდეს – დავიჭიროთ თუ არ დავიჭიროთ.
„რა თქმა უნდა, არ უნდა დავიჭიროთ, თუმცა ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება არ უნდა გავზარდოთ“, – ამბობს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები