არჩილ თალაკვაძე: უმრავლესობის სხდომაზე ის საკითხები განიხილება, რომლებზეც შიდაპარტიული კონსულტაციებით შევჯერდებით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ იმის თქმა, თითქოს უმრავლესობის ერთი სხდომა იქნება პანაცეა, სადაც ყველაფერი მოგვარდება, არასწორია. მისივე თქმით, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დეპუტატებმა წამოჭრეს, შიდაპარტიული კონსულტაციები დაწყებულია.
„შიდაპარტიული კონსულტაციები დაწყებულია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დეპუტატებმა წამოჭრეს. გუშინაც, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა სპიკერატს, ფრაქციების თავმჯდომარეებს, კომიტეტებს და უმრავლესობის სხდომა უახლოეს მომავალში იმ პირობებში გაიმართება, როდესაც ყველა დეპუტატს ექნება მონაწილეობის შესაძლებლობა. ქუთაისში სესიაზე ნაწილი არ იმყოფება, ამიტომ სხდომა გაიმართება მაშინ, როდესაც სრული დასწრება იქნება უზრუნველყოფილი. ეს სხდომა არის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, შესაბამისად, მხოლოდ უმრავლესობის ფარგლებში იქნება განხილული ის საკითხები რომლებზეც შიდაპარტიული კონსულტაციებით შევჯერდებით, კონსულტაციები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ამოვწურავთ ყველა თემას, რაზეც იყო საუბარი. რასაც ჩვენ მედიაში ვხედავთ, ეს არის გადაჭარბებული მოლოდინები ამ სხდომაზე. არასწორია წარმოჩენა, თითქოს უმრავლესობის ერთი სხდომა იქნება პანაცეა, სადაც ყველაფერი მოგვარდება, პირიქით, გადაჭრის პროცესი უკვე მიმდინარეობს და ეს არის მთავარი. სხდომა, პრაქტიკულად, იქნება შეჯამება იმ სამუშაოების, რომელსაც ჩვენ ამ დღეებში ვატარებთ.
გუნდში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება და მეცხრე მოწვევაში, შეიძლება ითქვას, გვყავს პარლამენტის საუკეთესო შემადგენლობა და მნიშვნელოვანია, გამოცდილება გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართებოდა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული სხდომა, სავარაუდოდ, გადაიდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები