მანანა ნაჭყებია: პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს არაპარტიული, პრინციპული

“თუ არ გვინდა, რომ საპრეზიდენო არჩევნები დაემსგავსოს ოლიმპიადას, სადაც მონაწილეობაა პრესტიჟული და არა გამარჯვება, ოპოზიცია უნდა წარდგეს ერთიანი კანდიდატით.
მათ მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ შესაძლებლობა, სერიოზული კონკურენცია გაუწიონ სახელისუფლებო კანდიდატს”,-ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურმა მდივანმა, მანანა ნაჭყებიამ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპრეზიდენტო არჩევნებზე და ოპოზიციის საერთო კანდიდატზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის სავარაუდო კანდიდატი შესაძლოა, მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იყოს. თუმცა, ნაჭყებიას თქმით, ჯერ პრეზიდენტი საბოლოოდ არაა ჩამოყალიბებული, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
“თუ კი ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ერთიანი კანდიდატით გავიდეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი დღევანდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეყოლებათ. მას აქვს რამდენიმე პლიუსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში. პირველი იმიტომ, რომ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატისთვის მარგველაშვილი აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც შეძლო საკუთარი კეთილდღეობა გვერდზე გადაედო, დაეცვა პრინციპები და რაც ყველაზე მთავარია, შეენარჩუნებინა ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს სახით, – პრეზიდენტი. დღესდღეობით, ვისაც ჰქონდა განსხვავებული პოზიცია და ამ პოზიციას მხარს უჭერდა საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის გარკვეული ნაწილი, იყო სწორედ მარგველაშილის ხელმძღვანელობით. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ჯერ პრეზიდენტი არაა ჩამოყალიბებული, საერთოდ აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ის ამბობს, რომ თუ ამის საჭიროება იქნება, აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ კიდევ აღვნიშნავ, რომ ესაა ერთ-ერთი და არა ერთადერთი სავარაუდო კანდიდატი. რაც შეეხება სხვა რესურსს, სადაც შეიძლება მოიძებნოს კანდიდატი, ესაა არასამთავრობო სექტორი, აკადემიური წრეები და სხვა”,-განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
მან იმ კრიტერიუმებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც მომავალი პრეზიდენტი უნდა აკმაყოფილებდეს. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს არაპარტიული და ჰქონდეს პოლიტიკური ცოდნა.
“ადამიანი, რომელიც ჩვენს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, უნდა იყოს აუცილებლად არაპარტიული, ის არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილება, მეორე ის უნდა იყოს პრინციპული ადამიანი, რომელსაც შეეძლება თავისი პრინციპების დაცვა, მესამე, აუცილებელია ჰქონდეს პოლიტიკური ცოდნა, ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი რას ნიშნავს, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, რის მიხედვითაც მიიღებს გადაწყვეტილებას, ამიტომ სხვა ტიპის კანდიდატი რთულად წარმოსადგენია”,- განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურმა მდივანმა, მანანა ნაჭყებიამ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები