ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია 25 ივნისს გაიმართება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ სტრასბურგში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომაზე, რომელშიც ევროპარლამენტის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ევრონესტის საპრლამენტო ასმაბლეის მეშვიდე პლენარული სესია დაიგეგმა. ბიუროს გადაწყვეტილებით, სესია ბრიუსელში, ევროპარლამენტში 25-27 ივნისს გაიმართება. პარტნიორებმა სხდომის დღის წესრიგი შეიმუშავეს და ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები მოიწვიეს.

თამარ ხულორდავამ ბიუროს წევრების ყურადღება მიაპყრო ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის და ევროპარლამენტში მიმდინარე დისკუსიას ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტების შერწყმასთან დაკავშირებით. მან წარადგინა ინიციატივა, „სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის” (აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი) ცალკე მექანიზმად დატოვების შესახებ საერთო პოზიციით ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი მიმართვის თაობაზე, რაც ბიუროს წევრებმა გაიზიარეს. საქართველო ითხოვს სპეციალური და ასოცირების შეთანხმების ამბიციურ მიზნებს შესაბამისი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნას ასოცირებული ქვეყნებისთვის, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის ეფექტან განხორციელებას მოემსახურება.

ივნისის პლენარულ სესიაზე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა თამარ ხულორდავას და ევროპარლამენტარის, გუნარ ჰოკმარკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშს განიხილავს თემაზე: „უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში”.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც შედგება ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისაგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია პოლიტიკური მიზეზების გამო). ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა საპარლამენტო კონსულტაციების და ევროინტეგრაციულ პროცესებზე ზედამხედველობის გზით ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები