Freedom house-ი ანგარიშის წყაროებს ანონიმურად ტოვებს

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი Freedom house-ის ანგარიშზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ისევ მინდა გამოვეხმაურო იმ სასაცილო ვიშვიშს, რომელიც Freedom house-ის ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა. მოკლედ, ამ ორგანიზაციამ პრაქტიკულად ერთი ხელის მოსმით, დამცინავად წყალში ჩაყარა ის მთავარი მონაპოვარი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია – დემოკრატიული ღირებულებების უზენაესობა, მედიის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება თუ სხვა.
ეს ორგანიზაცია უტიფრად ამტკიცებს, რომ საქართველო „სადღაც ისევ იქ არის“ 2012 წლის ფარგლებში, როდესაც სულის ამოხდა, დუბინკები და ცოცხები ჩვეულებრივ ყოველდღიურობას წარმოადგენდა.
დავინტერესდი, ვინ იყო ამ ანგარიშის თუ კვლევის თუ ამ ბოდვის ავტორი. ძალიან საინტერესოა ვის ინტერესებში შედის ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებით, ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საძირკვლის გამოთხრა. მივწერე „პატივსაცემ“ Freedom house-ს წერილი და ვკითხე ანგარიშის ავტორთა ვინაობა. პასუხიც მომივიდა – ნურას უკაცრავადო, ვერ მოგართვითო, ანგარიშის ავტორებმა თავად ინებეს ანონიმურად დარჩენაო.
ჰოდა, რა გამოდის ახლა? ვდაობთ, ვკამათობთ, ამ არაადეკვატურობაზე და შეიძლება ეს კვლევა თუ კვლევის მაგვარი მონაჭორი, სულაც რომელიმე ოპოზიციური პარტიის ან მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისში არის დაწერილი.
გარდა ამისა, ამას ემატება ისიც, რომ Freedom House საკუთარ აბლაბუდაში გაეხვა და თავადვე ურთიერთგამომრიცხავ დასკვნებს აქვეყნებს. სამოქალაქო სექტორის განვითარების ნაწილში ზუსტად ერთი და იგივე შეფასება გვაქვს (3.75 ქულა) 2012 წელსაც და 2018-შიც. აი, რას წერს ეს ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორზე:
2012 წელი: „პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების გავლენა რჩება სუსტი“.
2018 წელი: „საქართველოში არსებობს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ ძლიერი პოლიტიკური თავისუფლებით“.
მოკლედ, დასკვნები თავად გააკეთეთ ღირს თუ არა ამ სისულელეზე ამდენი საუბარი და განხილვები. მე მგონი მოსახლეობა თავად გრძნობს განსხვავებას წარსულსა და აწმყოს შორის და ვფიქრობ ამას არანაირი კვლევები და გამოცემები არ სჭირდება“, -წერს ანდრია გვიდიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები