ვახტანგ შაქარიშვილი: როცა საქმე ბავშვების უსაფრთხოებას ეხება, იქ პოლიტიკური სპეკულაციების ადგილი არ არის

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე  109-ე ბაგა-ბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დედაქალაქის საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი ამ ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა.

დეპუტატის ინფორმაციით, უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი ბაღის ადმინისტრაციის,  მშობლებისა და  ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობის შემადგენლობით  და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცა.

შაქარიშვილმა N109 ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა და განმარტა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის მიხედვით, შენობის მდგომარეობა არის ბავშვებისთვის და პედაგოგებისთვის მაღალი რისკის შემცველი.

„საექსპერტო დასკვნაში სიტყვა-სიტყვით წერია, რომ შენობაში საბავშვო დაწესებულების არსებობა მიზანშეწონილი არ არის, შესაბამისად დროულად იქნა მიღებული მაღალი პასუხისმგებლობის და ვითარების ადეკვატური გადაწყვეტილება”,- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისი განმარტებით, მშობლებისა და პედაგოგების მხრიდან შეხვედრაზე დაისვა რამდენიმე ძირითადი კითხვა, რაზეც მათ ამომწურავი  და მკაფიო პასუხები მიიღეს. კერძოდ, უკლებლივ ყველა აღსაზრდელი ალტერნატიულ ბაგა-ბაღებში გადანაწილდება, შექმნილი სამუშაო ჯგუფი მშობლებისა და პედაგოგების მონაწილეობით შეისწავლის არსებულ ალტერნატივებს; ყველა პედაგოგი და ადმინისტრაციის თანამშრომელი გააგრძელებს მუშაობას და მათი სამუშაო პირობები არ გაუარესდება – ” და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ, ავარიული და სიცოცხლისთვის სახიფათო შენობის ნაცვლად აშენდება თანამედროვე სტანდარტების, უსაფრთხო ბაგა-ბაღი”.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ გარდამავალ პერიოდში აღსაზრდელთა გადანაწილების შესაბამისად ალტერნატიულ მისამართებზე მათ ტრანსპორტირებას თბილისის მერია უზრუნველყოფს.

„მივმართავ ყველა ე.წ. პოლიტიკოსს, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობენ, რომ ბავშვების თემით სპეკულირება დანაშაულია. ამ პროცესში ერთადერთი, ვინც მიიღებს სარგებელს, ესენი არიან  ბავშვები და პედაგოგები, რადგან მათი უსაფრთხოება დაცული იქნება“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები