ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

” კვირამ” ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები მოიპოვა.მამინაცვლის მიერ მოკლული გოგონა 25 წლის თაკო გამრეკელაშვილია. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სწორედ ბავშვებმა დაასახელეს მკვლელის ვინაობა. ვეფხია ბაქრაძემ ახალგაზრდა ქალი შვილების თვალწინ დანით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ახალგაზრდა გოგონას ცხედარი დედის სოფელში, თელავის რაიონის სოფელ სანიორეში უკვე გადაასვენეს. „კვირას“ ინფორმაციით, აწგარდაცვლილი თაკო გამრეკელაშვილი მეუღლეს რამდენიმე წლის წინ დაშორდა და შვილებით დედასთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვლილის მეუღლე – ირაკლი ა-ძე წარმოშობით გორის რაიონიდანაა და იგი ამჟამად საზღვარგარეთ დედასთან ერთად ცხოვრობს.
თაკო გამრეკელაშვილის მშობლები ნათია გაბოძე და ზვიად გამრეკელაშვილი უკვე დიდი ხანია დაშორებული არიან. გარდაცვლილის დედა წარმოშობით თელავის რაიონის სოფელ სანიორედანაა. ნათია გაბოძემ საშუალო სკოლა სანიორეში დაამთავრა და ოჯახი ზვიად გამრეკელაშვილთან ერთად შექმნა. ზვიად გამრეკელაშვილი ახმეტაში ცხოვრობს. ცოლ-ქმარს ორი გოგონა – თაკო და თათია შეეძინა, თუმცა, მალევე დაშორდნენ. ნათია გაბოძე შვილებთან ერთად თბილისში წამოვიდა.

ნათია გაბოძე

ზვიად გამრეკელაშვილს ამჟამად სხვა ოჯახი აქვს, მას მეუღლე და შვილები ჰყავს. თბილისში, ნათია გობაძემ ვეფხია ბაქრაძე გაიცნო და ხელმეორედ დაოჯახდა. ცოლ-ქმარს შორის ხშირად კონფლიქტი იყო. ვეფხია ბაქრაძემ სასჯელაღსრულების სამინისტროს დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. იგი სასჯელს მეუღლის მიმართ ძალადობის გამო იხდიდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცოლ-ქმარი – ნათია გაბოძე და ვეფხია ბაქრაძე ოფიციალურად დაშორდნენ, რასაც გაბოძის ყოფილი მეუღლე ქალის შვილს აბრალებდა, რის გამოც ცოლს, ნათია გაბოძეს, შვილის მოკვლით ემუქრებოდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის მამინაცვალს, ვეფხია ბაქრაძეს მცხეთის რაიონის, სოფელ მუხათწყაროში ეძებენ. “კვირას” ინფორმაციით, სწორედ ამ სოფელშია ვეფხია ბაქრაძის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვთები.
„კვირას“ ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძე დაცვის პოლიციაში 1991-1992 წლებში მუშაობდა. თუმცა შემდეგ სამსახური დაატოვებინეს და შსს-ს სტრუქტურებში აღარ უმუშავია. ამასთან, მკვლელობაში ბრალდებულ პირს ადრე ოჯახი ჰყავდა და მისთვის ნათია გაბოძე მეორე ცოლი იყო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 13 აპრილს ვაკეში მომხდარ, 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. თ.გ.-მ, პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა. პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
გამოძიება 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ვეფხია ბაქრაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები