ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა ცნობილია – მკვლელი გარდაცვლილის შვილებმა იცნეს

ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა ცნობილია. ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც უწყების განცხადებაში აღნიშნავენ, მკვლელობამდე 25 წლის გოგონა დედასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. მათ მკვლელის მიმართ შემაკავებელი ორდენის გამოწერა ითხოვეს.
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში მომხდარ, 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. თ.გ.-მ, პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა. პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის ჩამდენი პირი გარდაცვლილის შვილებმა ამოიცნეს. ბარნოვის ქუჩის მცხოვრებნი აცხადებენ, რომ ახალგაზრდა გოგონა მამინაცვალმა მოკლა. მათივე ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცოლ-ქმარი ოფიციალურად დაშორდა. დაშორებას ყოფილი მეუღლე შვილს აბრალებდა, რის გამოც ცოლს შვილის მოკვლით ემუქრებოდა. დანაშაულის ჩადენამდე, დედა-შვილი პოლიციაში მივიდა და მის მიმართ შემაკავებელი ორდენის გამოწერა ითხოვეს. შვილმა პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა დატოვა და შვილებთან ბარნოვის ქუჩაზე, დის ბინაში მივიდა, სადაც დანაშაული მოხდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 აპრილს, ახალგაზრდა გოგონა მამინაცვალმა შვილების თვალწინ მოკლა.
გამოძიება 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები