სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულების ყოფილ მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულების ყოფილ მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეუფარდა.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო კოლეგიამ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულების ყოფილ მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა წინასწარი შეეფარდათ.

ბრალდებულებს ს .ხ.-ს, ლ. ბ.-ს და რ. ჯ.-ს ბრალად ედებათ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ.
საქმის მასალების თანახმად, 2006 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულების დირექტორის, მისი მოადგილისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის ორგანიზებით, საპყრობილეში შექმნილი უკანონო და დანაშაულებრივი სისტემის საფუძველზე ათეულობით მსჯავრდებული დაექვემდებარა დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. კერძოდ, ბრალდებულების ბრძანების საფუძველზე, მსჯავრდებულები სამარტოო საკანში საწოლის ნივთების, თეთრეულის, სამედიცინო მომსახურების, პირადი ჰიგიენის ნივებისა და ტანსაცმლის გარეშე იყვნენ მოთავსებულები.
ღია სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები.
ბრალდებულთა მიმალვის, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნებს.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 31 მაისს 14:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები