გოგი ჭიჭინაძე: ქუთაისის თეატრში კრება უჩემოდ არ უნდა ჩატარებულიყო

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ „კვირასთან“ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მან თეატრის ყოფილ დირექტორს ხატია ვედმედევას კრების ჩატარების უფლება არ მისცა.
„ქალბატონ ხატიას შესაძლებლობა ჰქონდა, რომ თვითონ, საკუთარი ინიციატივით წასულიყო თანამდებობიდან. მე თავად შევთავაზე, რადგან ეს მისთვის გაცილებით კარგი იქნებოდა, თავისი პატივისა და ღირსებისთვის შეკრებდა ხალხს და შეხვდებოდა ადამიანებს, როგორც დირექტორი, ღირსეულად წავიდოდა თეატრიდან. მან ეს თავის დროზე არ მოისურვა. დღეს კი ხალხის შეკრება მოინდომა, როცა ის უკვე არ არის ოფიციალურად დირექტორი. ეს ჩემთან შეუთანხმებლად მოხდა. ქალბატონი ხატია შეეცადა, რომ კრება ჩაეტარებინა. კრების ჩატარების უფლება ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად არა აქვს არა მარტო იმ ადამიანს, რომელიც თეატრში აღარ მუშაობს, არამედ თეატრის თანამშრომელსაც კი. მე უნდა მცოდნოდა ამის შესახებ და ჩვენ ერთად მოვილაპარაკებდით, ვთქვათ, რა ფორმით იქნებოდა ეს შესაძლებელი. ეს ჩემი გვერდის ავლით მოხდა. როდესაც დღეს მოვედი თეატრში, ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი. თურმე სამის ნახევარზე არის დაგეგმილი რაღაც კრება. ეს უჩემოდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს“, – აღნიშნა გოგი ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, ხატია ვედმედევამ თვეების განმავლობაში ვერ მოახერხა თეატრის მენეჯმენტის მართვა და ამის შესახებ მივწერე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს.
„ ქალბატონმა ხატიამ, როგორც დირექტორი, თვეების განმავლობაში, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა, როგორც დირექტორმა, შესაძლებლობების სრული გამოვლენა ამ პოზიციაზე. ეს იყო თანხების მოზიდვა, ეს იყო ჯანსაღი ატმოსფეროს ან გარემოს შექმნა თეატრის ირგვლივ. თეატრის ირგვლივ, სოციალურ ქსელებში ან თუნდაც მედიასაშუალებეში აჟიოტაჟი იყო ატეხილი, რაც თეატრის იმიჯზე უარყოფითად აისახა. ქალბატონი ხატია, როგორც მენეჯერი, ვერ უმკლავდებოდა ამ ყველაფერს, რათა მოეწესრიგებინა სიტუაცია და ატმოსფერო თეატრის ირგვლივ. დღეს თეატრს უამრავი ფინანსური პრობლემა აქვს. ვალებს კი ვერ დავაკონკრეტებ“, – აღნიშნავს გოგი ჭიჭინაძე.
აღსანიშნავია, რომ კულტურის მინისტრმა ხატია ვედმედევას გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს დილით მოაწერა ხელი. როგორც ცნობილია, აუდიტი ქუთაისის საოპერო თეატრს ერთი თვის განმავლობაში ამოწმებდა. იმ დასკვნის მიხედვით, რაც აუდიტმა დადო და ასევე ოპერის თანამშრომლების ინფორმაციით, ვედმედევა ოპერის სახსრებს პირადი მიზნებისთვის იყენებდა.
კერძოდ, იგი ძვირად ღირებული პროცედურებისთვის ესთეტიკურ სალონებში საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავდა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის უკვე ყოფილი დირექტორი ხატია ვედმედევამ ოპერის თეატრის წინ ჟურნალისტებს შეხვდა. მისი განცხადებით, ისე გამოუშვეს ოპერის თეატრიდან, იმის უფლებაც არ მისცეს, რომ თანამშრომლებს დამშვიდობებოდა.
“მინდოდა, შემეკრიბა კოლექტივი, გადამეხადა მათთვის დიდი მადლობა და ისე წამოვსულიყავი სამსაურიდან, თუმცა სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ კატეგორიულად მოითხოვა, რომ უკვე აღარ ვიყავი ოპერის თანამშრომელი და ოპერა დამეტოვებინა”, – განაცხადა ხატია ვედმედევამ.
როგორც ხატია ვედმედევა აცხადებს, ტყუილია, თითქოს ფინანსური დარღვევების გამო გაათავისუფლეს და ამბობს, რომ აუდიტის მიერ დაფიქსირებულ ფინანსურ დარღვევებთან კავშირი არ აქვს, ეს უკავშირდება ბუღალტერს, რომელიც ძველი მმართველობის დროს იყო დანიშნული და დღემდე ვერ მოახერხა ბუღალტერის გათავისუფლება. ხატია ვედმედევას განცხადებით, მისი გათავისუფლება მხოლოდ გოგი ჭიჭინაძის კაპრიზი იყო. მან ჟურნალისტებს ის დოკუმენტი გადასცა, სადაც გოგი ჭიჭინაძე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას წერილს სწერს. კერძოდ, წერილში ნათქვამია:
“ქალბატონი ხატია ვედმედევა ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც საჭიროა აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობისათვის. განვლილმა პერიოდმა ცხადყო, რომ თეატრის დირექტორის, ქალბატონ ვედმედევას მოღვაწეობა თეატრში მისი არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო გაუმართლებელია, რის გამოც, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი და თეატრზე პასუხისმგებელი პირი, წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ის თანამდებობაზე დარჩეს”, – მიმართავს ოდიშარია გოგი ჭიჭინაძეს.
როგორც ოპერის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, ხატია ვედმედევამ სალონში „ელიზიუმი“ ბიუჯეტის ხარჯით თმის მელირების, პედიკიურისა და მანიკიურის გარდა, ლაზერული ეპილაციით ოთხჯერ ისარგებლა. მოგვიანებით, თეატრის ყოფილმა დირექტორმა დაადასტურა, რომ სალონის ადმინისტრაციასთან ხელშეკრულება იყო გაფორმებული, სადაც ოპერის თანამშრომლები სარგებლობდნენ.
„ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება სალონ „ელიზიუმთან“, სადაც ნამდვილად მოგვემსახურნენ ეპილაციით, თუმცა ეპილაცია გაიკეთა მამაკაცმა, რადგან კოსტიუმი ღია იყო და მკერდზე თმა ჰქონდა, რაც სპექტაკლისთვის არაესთეტიკურია. რაც შეეხება სამი ათასლარიან გადარიცხვას, აბსოლუტური სიცრუეა. 165 ლარია მხოლოდ დახარჯული ორი ღონისძიების სოლისტების მაკიაჟისა და ვარცხნილობებისთვის. ამის საბუთებიც არსებობს. ერთ სპექტაკლში 82,5 ლარი გაიხარჯა“, – განმარტა ხატია ვედმედევამ.

10346734_745495118806317_2115794544_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები