სოფელ ახალსოფელში ეკლესიის მშენებლობა შესაბამისი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა – ამის შესახებ ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილემ ანზორ ფერცელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიწის ნაკვეთი, სადაც ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა საპატრიარქოს სახელმწიფომ გადასცა. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში გუშინ მშენებარე ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა და ოთხი ადამიანი ჩაიყოლა. უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
სტიქია დუშეთის რაიონში – ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ადიდებული მდინარე არაგვი ზემო მლეთის მოსახლეობას დატბორვის საშიშროებას უქმნის. წყლის დონემ იმატა იანტალოს ხევშიც.
მოვარდნილმა ღვარცოფმა ქვეშეთი-მლეთის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც, გარკვეული დროის განავლობაში, საგზაო მოძრაობა შეფერხებული იყო.
სტიქიის გამო ამ დრომდე ბუნებრივი არის გარეშე რჩება ქვეშეთში მცხოვრები 40 ოჯახი.
ამ წუთებში სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახურები მუშაობენ.