როგორ დახატა ცირა რაზმაძემ  „კაფე პარიზში“  და… ოცნებაში დარჩენილი პარიზი…

„…განსხვავებული შტრიხები, ცნობილი ადგილები სხვა ხედვით, რაკურსით, განსხვავებული ფერები, მხიარული, პოზიტიური და, ამავე დროს, უცხო, სევდისმომგვრელი, თითქოს სხვა სამყაროში დავაბიჯებ, როცა თქვენს ნახატებს ვათვალიერებ…
დიდი მადლობა ამ სილამაზისთვის და ამ სამყაროსთვის, ასეთ ლამაზ განცდებს რომ იწვევს…
ძალიან მომეწონა, როგორც ეროვნებით ჩეჩენს, ტილო „მანდარინები“, პოზიტიური  და ტკივილიანი ფერები, რაც ძლიერი ერთიანი მომავლის იმედს ბადებს“…  – თუმი დიშნის – ნონა ხანგოშვილის ეს ჩანაწერი შთაბეჭდილების წიგნიდანაა.
ამ სილამაზის ავტორი კი ცირა რაზმაძეა.
ბავშვობიდან ოცნებობდა, მხატვარი გამოსულიყო. ნიჭმა, შრომამ  და სიყვარულმა შედეგი გამოიღო – ორი პერსონალური გამოფენის ავტორი და მრავალი ერთობლივი გამოფენების მონაწილეა… 2010 წელს, პედაგოგთა ჯგუფურ გამფოენაში მონაწილეობდა და ქეთი მატაბელის ხელმოწერილი დიპლომი მიიღო, ნომინაციაში „გრაფიკა“, ორი ნახატი კი სპეციალურად გამოცემულ ალმანახში შევიდა.
ბოლო წარმატება ვირჯინიის შტატის
შარლოტსვილის  გალერეაში  გამართულმა გამოფენამ მოუტანა. ამერიკელებს მოეწონათ ქართველი მხატვრის თავისთავადი ხალასი ფერები…  12 გაგზავნილი ნახატიდან  უმრავლესობა გაიყიდა… არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
საუბარი ბავშვობის პერიოდით დავიწყეთ, როგორ მოსწონდა სოფლად მიმავალს პეიზაჟები…

–  როცა მანქანით მივდიოდით სოფლად ბებოსთან, სულ პეიზაჟებს ვუყურებდი, მამა დამცინოდასავით, რა ფერებიაო… დღეს, მრავალი წლის შემდეგ,  ეს ხმა სასიამოვნოდ ჩამესმის…
თბილისის 24- სკოლა დაამთავრე.
–  ეს სკოლა ჩემი სწავლა-განათლება-ბავშვობის  ნავიგატორი იყო, ცხოვრების  საუკეთესოდ შეცნობის, მომავლის განსაზღვრისა და ინსტიტუტი ცხოვრებისა.
ალბათ ყველა ამბობს. რაც თავი მახსოვსო… და განსაკუთრებულ ისტორიას იხსენებს.
მეც, რაც თავი მახსოვდა,  ზაფხულობით კოჯორში დავდიოდი… მაშინ ბანაკები იყო, იქ  ათასნაირი შეჯიბრი ტარდებოდა… იქ მომცეს დავალება, რაღაც დამეხატა და დავხატე დათვები, იმდენად კარგი გამოვიდა…  ყველა ბავშვი ხატავს, მაგრამ მაშინ რაღაც ვიგრძენი…
სულ მიდოდა, მხატვარი გამოვსულიყავი, ქალი და მხატვარიო? წინააღმდეგნი იყვნენ, მე ჩემი გავიტანე…
– პირველი პედაგოგები… ვინ დატოვა კვალი თქვენს ცხოვრებაში…
– ალა ხმალაძე და გოგი ჩინჩალაძე –  ორივე მიყვარს… დატოვეს რომელია, ვამაყობ მათით…

მეორე პერსონალური გამოფენა გქონდათსტოპ კადრიფილმებიდან. პირველი გამოფენიდან მეორე გამოფენამდე… შუალედი, ალბათ, დაფიქრების საშუალებას იძლევა…

„მანდარინები“

– საერთოდ, პასიური აღმოვჩნდი, გამოფენა მზად მქონდა 2 წელი და რაღაც ბიძგს ველოდი… მართლაც, დამიძახეს და მშვენიერი გამოვიდა – შედგა მე-2 პერსონალური თემატური გამოფენაც – „სტოპ კადრი“ ფილმებიდან… ძალიან მიყვარს კინო, ჰქონდა გამოხმაურება, კმაყოფილი ვარ… 2 წელი ვიმუშავე და გამოვიდა, კი, გამოვიდა…
ეს ჩანასახია დედისგან, ყოველ შაბათ-კვირას კინოსა და თეატრში დავყავდით…
ძალიან დიდი განცდაა პირველიდან მეორემდე შუალედი… ვერც კი აგიღწერთ, თავი ჩვეულებრივი ადამიანი,  არაფრით განსხვავებული გგონია, არადა, როცა ფასდები მოკრძალებულად მაინც, მეტი ძალაა, იბრძოლო, შენ ხომ ამისთვის ხარ დაბადებული…
– რომელიმე ნახატი ხომ არ გინდათ გამოარჩიოთ?
–  ყველა მიყვარს… ზოგადად, რაშიც შრომა იდება, გიყვარს…

 საინტერესო ფერებით შექმნილი კომპოზიციები გაქვროგორ ახამებ ფერებს? შთაგონება როგორ მოდის?

ქათმები

–  არ ვიცი, მე საერთოდ უცნაური ვარ, ეს მშობიარობას ჰგავს, 2 თვეა არ მიხატია, დღეს კი ორი სურათი ერთად დავიწყე… უნდა ამოხეთქო, არ შეინახება…

ამონარიდები შთაბეჭდილებების წიგნიდან:

…ფერთა ფერება არ მოჰკლებოდეს თქვენს ფუნჯს“, – მაკა პეტრენკო, თუმანიშვილის თეატრი.

 „ძალიან საინტერესო გამოფენაა განსაკუთრებით მომეწონა, პეიზაჟი, ჩანჩქერი, ნატურმორტები“… – რევაზ თოფურია, მედიცინის პროფესორი.

 „ჩემთვის, მხატვრისთვის ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის სასურველია. კრიტიკის ქარცეცხლში გატარება გარკვეულ წარმატებას გვაუწყებს. თქვენ შემთხვევაში მე კირტიკა არ გამომივა, რადგან სხვა განწყობით ვარ თქვენი ნამუშევრების წინაშე. ამიტომ მინდა გითხრათ მხოლოდ საქებარი სიტყვები. და მაინც გამოვყოფდი ქათმების კომპოზიციას – შედევრი! მე პირადად ვისურვებდი ამ ტიპის სურათების სიმრავლეს!“ … – დავით ბაძაღუა.

 „… სიამოვნებით ვიმოგზაურე იმ სამყაროში, რასაც თქვენ აქ წარმოადგენთ. გისურვებთ წარმატებებს!“ –  დარეჯან ხაჩიძე.

ირინა ჩიტაშვილთან ერთად

 „მოხიბლული ვარ. აქამდე უფრო პორტრეტებით გიცნობდი,  მომეწონა ეს ჟანრული ნამუშევრები. წარმატებებს გისურვებ. ბევრი, ბევრი გამოფენები და გამარჯვებები. პატივისცემით, კახა“. – კახა ხინველი.

 თქვენი სურათები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვირჯინიის შტატში გამოიფინა
– შარლოტსვილის  გალერეაში თვენახევრიანი ჯგუფური გამოფენა გაიმართა, 12 ნახატი გავაგზავნე, ბევრი გაიყიდა,  მეც ვისურვებდი ასეთ გალერეას, ისე მომეწონა… ეს ისე – სამომავლოდ…
 ფერწერული პორტრეტები ფსიქოლოგიზმით და მხატვრული სიზუსტით გამოირჩევა…   ზუსტად  გადმოსცემენ ხასიათს… რომელ პორტრეტს გამოარჩევდით?
–  ბაღათერ არაბულის პორტრეტს – ჩემი შვილის ნათლიაა, ქრისტინე ბაგრატიონ- მუხრანელისას… ასევე მეგობრები დამიხატავს, შეკვეთებიც მიმიღია… არ მიყვარს პორტრეტის ხატვა, მაგრამ ვიღიმები…

ცირა რაზმაძე, გიორგი მელუა, ნაირა ტვილდიანი

წერთ ლექსებსრომელ ლექსს გაიხსენებთ ახლა პორტალ „კვირის“ მკითხველისთვის?

– 1992 წლის მერე არ გამოქვეყნებულა ჩემი ლექსები…

***
ყოველღამ გნატრობ, სიკეთევ,
ხვალამდე იქნებ გამომყვე,
ასე ყოველი ქვა ცოცხლობს,
შენც იცი, მე რომ არ მოვყვე,
მოდი და ჩემიც იყავი,
ლექსთან არ მოგეწყინება…
მე ხომ ბოლომდე შენი ვარ,
თუ ღმერთმა ასე ინება…

ხელოვნების პედაგოგ რას იტყოდი ახლანდელ თაობაზე, მომავალ მხტვრებზე?
– სამწუხაროდ, ახლა აღარ ვმუშაობ, მაგრამ სულით ხორცამდე პედაგოგი ვარ… დღესაც კონტაქტი მაქვს მოსწავლეებთან, მყავს კიდეც და სიკვდილამდე დავიხარჯები ჩემი საქმის კეთებაში.

ცირა რაზმაძე -კახა ჩხატარაიშვილის ნახატი

ერთი რამ მიხარია, ტანდემი ახალსა და ძველს შორის… იცით, არც ახალია ჩემთვის, არც ძველი, მშვენიერია სწავლება და სწავლა თვით შენთვის, ბევრს სწავლობ ახალგაზრდებისგან… დაე იმრავლონ…
– „კაფე პარიზში“… როგორ დაიხატა ეს ნამუშევარი?
– ქალაქპროექტში რომ ვმუშაობდი, მყავდა უფროსი – ტონი (ოთარ) კალანდარიშვილი. 1993 წელს, ერთ დღეს მაჩუქა ეს რეპროდუქცია და მიაწერა: „აჰა, ჩემო კარგო, დახატული პარიზი და ვეცადოთ ცოცხლად მისი ხილვა“… როცა გარდაიცვალა, მრავალი წლის მერე ვიპოვე ეს ფოტო და ტონის სამახსოვროდ დავხატე ის პარიზი, პარიზის ხილვა კი დღემდე ოცნებად დამრჩა.
დიდი არქიტექტორი იყო… ახლა,  როცა ამ ნახატს ვუყურებ, სულ ჩვენი საუბრები ჩამესმის. მიყვარს იმ დროის გახსენება. ასეთია ამ ნახატის ისტორია.

ნახატი ფრანგმა მხატვარმა გააზიარა  ფეისბუქზე ასეთი წარწერით:

 „კაფე „საკონსულო“ იყო შეხვედრის ადგილი ისეთი დიდი მხატვრებისა, როგორიცაა პიკასო, სისლეი, დიაზი, ვან გოგი, ტულუზ ლოტრეკი, მონე.
მორის უტრილოს ნამუშევრები ემყარება მონმარტრის ქუჩას.  რეალიზმის სრულყოფის დიდი სურვილითაა შთაგონებული მისი პირველი ნახატი „სახლი „ლა მაისონ როუზზე” და ა.შ. 1909 წელი.

„კაფე პარიზში“

„საკონსულო“ გახლავთ ერთ – ერთი უძველესი შენობა მონმარტრზე და წარმოადგენს ემბლემატურ ადგილს. ეს მე-9 საუკუნის
ძველი რესტორანია, რომელიც მდებარეობს სანტ- რუსტიქის ქუჩაზე და კვლავ აგრძელებს მხატვრების შთაგონებას, ესაა ადგილი, რომელიც მოხვდა მრავალ ფილმში, მათ შორის ვუდი ალენის სურათში – “ყველა ამბობს, რომ მიყვარხარ” , რომელიც გადაღებულია 1997 წელს.
გმადლობ, მეგობარო, ცირა ამ საოცარი ფერწერული ნამუშევრისთვის!“
 ჰობი
– ეს იგივეა, მე და ხატვა…. ძალაა დიდი…
– გეგმები…
– გეგმები, მგონი, თვითონ მოდის. წარმოჩენა არაა ჩემი თვითმიზანი, მაგრამ რაც მინდოდა, ხომ გავაკეთე… სამომავლოდ,  დროის დინებასთან ერთად ვნახოთ…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები