გურამ მაჭარაშვილი: გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება უმრავლესობის დაშლის დასაწყისი ნამდვილად არაა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის გამო, დეპუტატ გედევან ფოფხაძის პარტიის დატოვების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც მან განმარტა, პროცედურული საკითხებიდან გამომდინარე, ბორდის წევრის ერთი კვოტა უმცირესობას ჰქონდა და შესაბამისად, მათ წარმოადგინეს ნინია კაკაბაძის კანდიდატურა.
“პირველ რიგში მინდა განვმარტო პროცედურული საკითხები, რაც უფრო ნათელს მოფენს ამ მოვლენებს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, უმცირესობას გააჩნია თავისი ქვოტა. კომიტეტში ბუნებრივია, რომ უმრავლესობას აქვს, უმრავლესი ადგილი, ამიტომ კომიტეტის უმრავლესობამ უნდა მიიღეს გადაწყვეტილება მათ შორის უმცირესობის კვოტით იმ მოადგილის დანიშვნა, რომელსაც წარადგენს უმცირესობა. ამ შემთხვევაშიც იგივე სიტუაცია იყო, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის ერთი კვოტა ჰქონდა უმცირესობას და შესაბამისად მათ წარმოადგინეს ეს კანდიდატურა. დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, იმიტომაა რეგლამენტში ჩადებული ასეთი მუხლი, რომ უმცირესობა არ დაიჩაგროს და მისი კვოტაც იყოს გამოყენებული”, – აღნიშნა უმრავლესობის წარმომადგენელმა.
რაც შეეხება გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილებაა. თუმცა მისივე თქმით, საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება ყველას აქვს, თუნდაც ეს ასეთი პრინციპული იყოს.
“ბატონი გედევანი დღემდე ჩვენი გუნდის წევრია, მე ასე მივიჩნევ. მან ერთ-ერთ კომენტარში აღნიშნა კიდევაც, რომ ის იყო გაღიზიანებულ და არ სურდა აზრის დაფიქსირება. მე დიდი იმედი მაქვს მასთან გასაუბრების შემდეგ გაირკვევა ყველაფერი და ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს ემოციურ ფონზე. ყველას თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალება აქვს, მათ შორის, ასეთი პრინციპული გადაწყვეტილებისა. მე მინდა აღვნიშნო, რომ უმრავლესობაში არსებობს განსხვავებული აზრი ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ის, რომ ეს ფაქტი უმრავლესობის დაშლის დასაწყისია ასე არაა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები