კახეთის რეგიონში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილი საწარმო დაათვალიერეს
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფუტკრეობის საწარმო ახმეტის მუნიციპალიტეტში, – „შპს თაფლიკაცი“ რომელიც „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მენეჯერმა, ლევან დოლიძემ კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მეფუტკრეობის საწარმოში „შპს თაფლიკაცი“ სეზონზე 25 000 სკის ჩარჩოს, 28 000 ცალ ფიჭას და 6 ტონა თაფლს აწარმოებენ. საწარმოში 8 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.
აღნიშნული საწარმო 2014 წელს გაიხსნა. კომპანია პროექტის – „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 60 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 30 000 აშშ დოლარი შეღავათიან აგროკრედიტს შეადგენს ხოლო 30 000 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.
2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით ახორციელებს. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე, უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 845-ზე მეტი მოქმედი და 170 ახალი საწარმო. კახეთის რეგიონში უკვე შეიქმნა 55 ახალი და გაფართოვდა 120 საწარმო.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.