ჩვენი საარჩევნო პროგრამა ნამდვილად არის ძალიან ამბიციური, თუმცა არც ერთი დაპირება არ არის გადაჭარბებული, ყველა შესრულებადია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის ნაწილში დასახულია ძალიან მკაფიო მიზნები და ეს არის ეკონომიკის ზრდა 130 მილიარდ ლარამდე.
„90 მილიარდიდან ეკონომიკა 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, ბიუჯეტი 28 მილიარდიდან გადასცდება 40 მილიარდ ლარს. 200 000 ახალი სამუშაო ადგილიც არის აბსოლუტურად რეალური დაპირება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, ჩვენ შევქმენით 170 000 სამუშაო ადგილი. ჩვენს დაპირებებს ზურგს უმაგრებს უკვე გაკეთებული საქმე. ამ 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდით გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა, შესაბამისად, დაპირება, რომ კიდევ 40 მილიარდით გაიზრდება ეკონომიკა, ძალიან მყარ ნიადაგზეა დაფუძნებული. იგივე ეხება სიღარიბის შემცირებას. ჩვენ მოვახერხეთ სიღარიბის შემცირება 2012 წლის შემდეგ 30 პროცენტიდან 11,8 პროცენტამდე, ანუ საქართველოში მილიონ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს. ეს მაჩვენებელი უკვე შემცირებულია 680 ათასით და 440 ათასამდე არის ჩამოსული. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში, სულ მცირე დამატებით 300 ათასი ადამიანი დაძლევს სიღარიბეს და სიღარიბის მაჩვენებელი ჩამოსცდება 150 ათასს, ეს არის ის პროგნოზი და მიზანი, რომელიც გვაქვს დასახული. თვისებრივად სხვა დონეზე გადავიყვანთ ჩვენს ქვეყანას 4 წლის თავზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალ წელს უკვე გაიზრდება პენსიები, 350 ლარი იქნება მინიმალური პენსია, შესაბამისად, გაიზრდება პენსია 70 წელს გადაცილებული და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონრებისთვის.
„ჯანდაცვის სფეროში გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები. განათლების მიმართულებით გვაქვს ამბიციური პროექტი, რაც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს საუნივერსიტეტო განათლებას ჩვენს ქვეყანაში. ახალი სტადიონი და ა.შ. არის ძალიან კონკრეტული ამბიციური პროექტები, რაც გათვალისწინებულია ამ პროგრამით. ჩვენ არჩევნების მეორე დღესვე განვაახლეთ აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ყველა დაპირება შესრულდეს. აბსოლუტურად ყველა დაპირება არის შესრულებადი. ამბიციურთან ერთად, ჩვენ მიერ წარდგენილი პროგრამა არის რეალისტური. 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა გადავა განვითარების თვისებრივად ახალ დონეზე და ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, რისთვისაც მთელი სამთავრობო გუნდი არის მზად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.