„არცერთი მთამსვლელი არ ასულა მყინვარწვერზე, ჩვენს სახლში რომ არ გაჩერებულიყო“…

ყაზბეგის  სამყაროში გაიზარდა. ქართული ალპინიზმის ფუძემდებლის, იაგორ კაზალიკაშვილის შვილიშვილი  ბავშვობიდან მთების სიყვარულით და ვაჟკაცობის თანაზიარი განცდით იზრდებოდა… მათი სახლი ალპინისტების და ძვირფასი სტუმრების თავშესაფარი იყო, რომელთაც დედა გულუხვად უმასპინძლებოდა…
ძმასთან ერთად თბილისის პიონერთა სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტში დადიოდა… აქ ისწავლეს მეგობრობა და ერთმანეთის გატანა. ფეხით მოიარეს საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული.
პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა. ამბობს, რომ მასწავლებლობა მისი ჰობია. ბუღალტერიის სწავლა კი ცხოვრებამ აიძულა,  თუმცა ძალიან საინტერესო და სიახლეებით სავსე პროფესიაა… დიდი და ტრადიციული ოჯახის დიასახლისია, უყვარს ყაზბეგი და იმედს არ კარგავს, რომ  გამოჩნდება ვინმე, ვინც იაგორა კაზალიკაშვილის სახლ-მუზეუმს, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, ყურადღებას მიაქცევს, დიდი პაპის სახლი კი ისევ გახდება მთამსვლელების თავშეყრის ადგილი. – ნინო კაზალიკაშვილის პერსონა.

 – ქართული ალპინიზმის ერთერთი ფუძემდებლის, იაგორ კაზალიკაშვილის შვილიშვილი ხართდაიბადეთ ყაზბეგში
– იაგორ კაზალიკაშვილის შვილიშვილობა და ჩემი მშობლების შვილობა დიდი პასუხისმგებლობაა. ბედნიერი და ამაყი ვარ, ამ ოჯახში რომ გავჩნდი.  ჩემი მშობლები განათლებული და კეთილშობილი ადამიანები იყვნენ.  სვანეთში, უშბის ძირში, სოფელ ბეჩოში მაკრინე ქურდიანი იყო მთამსვლელების მფარველი და ყაზბეგში დედაჩემი ეთერი ბულაშვილი აპურებდა და ათბობდა ქართველ და უცხოელ ალპინისტებს. ჩვენს სახლში ისეთი გარემო იყო, რომ ყველა კარგად გრძნობდა თავს, სიტყვებით ძნელია ამ ყველაფრის აღწერა.
თქვენი ოჯახი სტუმრების სიმრავლით გამოირჩეოდამთამსვლელი ჯაფარიძეები, ლევან გოთუაც არის ნამყოფივინ დაგამახსოვრდათ ამ სტუმრებიდან?
– ჩვენ ოჯახი მართლაც გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით, ძალიან ძნელია, ვინმე გამოვყო, ვფიქრობ, არცერთი მთამსვლელი არ ასულა მყინვარწვერზე ისე, ჩვენს სახლში რომ არ გაჩერებულიყო.
ბიძინა გუჯაბიძეს სასადილო ოთახის კედელზე თავისი ასვლების თარიღებიც კი ჰქონდა დაფიქსირებული. რომელი ერთი ჩამოვთვალო…
ლევან გოთუას სტუმრობა ბუნდოვნად მახსოვს, მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს მისი დები – დეიდა თინა და დეიდა თამარა, ასევე დენეზა გოზალიშვილი, რომლებიც ჩემი მშობლების უახლოესი მეგობრები იყვნენ. მამას თავის ბიბლიოთეკაში ლევან გოთუას წიგნები წარწერებით საპატიო ადგილას ელაგა. ასევე ავტორის წარწერით – გაბრიელ ჯაბუშანურის კრებულები.  ჩვენი ხშირი სტუმარი იყო  ივანე ჯაფარიძე, დიდი ჯაფარიძეების ძმისშვილი, რომლის უმშვენიერეს ოჯახთან დღემდე ვმეგობრობთ და ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი ურთიერთობა გენეტიკურია. კარგად მახსოვს კაკო მარის სტუმრობა.
თბილისის პიონერთა სასახლეში ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტში დადიოდით, ბავშვობიდანვე თქვენ და თქვენი ძმა მიგაჩვიეს მოგზაურობას
– ძალიან თბილად და კარგად მახსენდება ის პერიოდი. ჩვენი მასწავლებლები იყვნენ: დენეზა გოზალიშვილი და თემურ ბერიაშვილი, აქ ვისწავლეთ მეგობრობა და ერთმანეთის გატანა, დავხეტიალობდით თბილისის გარშემო, სვანეთში, ვიყავით კიევში, სოჭში და სხვა ადგილებში…
პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრეთ. რით იყო გამორჩეული სტუდენტობა?
– სტუდენტობის პერიოდიც ძალიან კარგად მახსენდება, შევიძინე ჩემთვის უსაყვარლესი მეგობრები, რომლებთან ერთადაც დღემდე მოვდივარ.
2016 წლის მარტიდან დღემდე მუშაობთ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში საფინანსო ეკონომიკური მართვის მთავარ სპეციალისტად და პარალელურად ბუღალტრის სპეციალობას დაეუფლეთ...
– ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი მათემატიკის მასწავლებლად, მასწავლებლობა ჩემი ჰობია, კარგად გამომდის… როდესაც ცოდნას გავცემ, მაშინ ვარ ბედნიერი. ბუღალტერიის სწავლა ცხოვრებამ მაიძულა,  ბავშვობაში მეგონა, რომ ბუღალტერია მხოლოდ ფულის დათვლა იყო,  როცა შვისწავლე, მივხვდი, რომ ვცდებოდი, რადგან ეს არის ძალიან საინტერესო და სიახლეებით სავსე პროფესია.
გყავთ მეუღლე, სამი შვილი და ერთი შვილიშვილი, მეორეს მაისში ელოდებითგვიამბეთ თქვენს ოჯახზეთუ აინტერესებს რომელიმეს ალპინიზმი?

იაგორ კაზალიკაშვილი

– მაქვს  ერთი გემრიელი, ქართული, ტრადიციული, თბილი ოჯახი.  სამი შვილი მყავს: ნათია, ტატა და მინდია. მიხარია, რომ ჩემმა მშობლებმა მათ აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანეს, ძალიან უყვართ ყაზბეგი, ალპინიზმი მინდიას აინტერესებს, ყაზბეგში მეგობართან ერთად ალპინისტური ბანაკი გააკეთა და ცდილობს ტურიზმის განვითარებაში თავისი სიტყვა თქვას, ვნახოთ…
იაგორ კაზალიკაშვილი პოეტი და სახალხო მთქმელი იყო და მთელი პოემა უძღვნა უშბაზე ასვლაჩამოსვლის ეპოპეას… 1935 წლის შემოდგომაზე, უკურნებელი სენით შეპყრობილმა სარეცელს მიჯაჭვულმა თავისავე ლექსი ფანდურზე დაამღერა და სამუდამოდ გამოეთხოვა მშობლიურ მთებს
– პაპაჩემი მართლაც ძალიან ნიჭიერი პოეტი იყო, თავის ლექსებს ფანდურზე ამღერებდა და, როგორც გადმოცემით ვიცი, მისი სიმღერები დისკზეც კი იყო ჩაწერილი. ვეძებე და ვერ მივაგენი. ყველა ლექსი მოხეური დიალექტით აქვს დაწერილი და ყველა ძალიან მიყვარს.

„მყინვარწვერ მქვია სახელად,
მიკიტაური გვარადა,
კავკასის მთები მონად მყავს
და მყინვარწვერი ცოლადა“.

უცრემლოდ ვერასდროს ვიგონებ ლექსს, რომელიც იაგორამ უახლოესი მეგობრების  – სიმონ ჯაფარიძისა და პიმენ დვალის თეთნულდზე ტრაგიკულად დაღუპვას მიუძღვნა:

„ოხერო თეთნულდის მთაო, ყოფილხარ ღალატიანი;
პიმენს დაუსხლტა ფეხები, დაეცა, როგორც მტრიანი.
ვეფხვივით ჩამოექანა, სვიმონ ფეხწრიაპიანი.
ჯოხი გადუდვა, იჭერდა, ტანწვრილი, ბეჭებიანი,
ვეღარ უშველა ამხანაგს, თავსა მით უქნა ზიანი:
პიმენმა ხელი ჩაჰკიდა,– კლდეს გადიტანა სრიალით…
უთხარით პიმენის ცოლსა, ქალო აღარ ხარ ქმრიანი,
დაჰკარგე შენი პატრონი, პატიოსანი, ჭკვიანი.
მთელი სვანეთი სძებნიდა, ახალგაზრდაი, ხნიანი:
ვერ იქნა, ვერსად იპოვეს ვაჟკაცნი ლაზათიანნი.
ამ დროს მოფრინდა ყორანი, შავკაბიანი, ტიალი;
უფერულს ხმაზედ დასჩხავლა, მაღლა დაიწყო ტრიალი.
პირდაპირ მთისკე მიღმართა, შაუბრალები მშიარი
სვანელმა თოფი ახალა, დღე დაუბნელა მზიანი
საცა ყორანი დაეცა, ხევები იყო კლდიანი,
გმირაბიც იქა მონახეს, გმირები გულსისხლიანი“.

ალიოშა ჯაფარიძის მიერ 1930 წელს გადაღებულ ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: გოჯი ზურებიანი, გიო ნიგურიანი, იაგორ კაზალიკაშვილი, ადსილ ავალიანი

იაგორას უახლოესი მეგობრები იყვნენ და-ძმა ალექსანდრა, ალიოშა და სიმონ ჯაფარიძეები, ის აღფრთოვანებული იყო ალექსანდრას ვაჟკაცობით, რაც ლამაზად აღწერა პოემაში „უშბაზე ასვლის ლექსი“, ასევე გიორგი ნიკოლაძე, ნიკო კეცხოველი, სოსო ასლანიკაშვილი, პიმენ დვალი და სხვა ცნობილი ადამიანები.
როდესაც ქართველი მთამსვლელები იალბუზზე ავიდნენ, ამ ასვლას ნიკო კეცხოველი გამოეხმაურა…
– 1925 წელს გიორგი ნიკოლაძის მეთაურობით ქართველი მთამსველელები ავიდნენ იალბუზზე, ეს ასვლა აღწერა ნიკო კეცხოველმა თავის წიგნში „თოვლიან მთებში“, სადაც ის იაგორაზე წერს: „უკან იაგორა კაზალიკაშვილი მოდის, დაურიდებელი, გამბედავი, მაგრამ ფრთხილი მოგზაური, ხშირად მოსცილდება ბოლოს, ამოგვირბენს გვერდით და გვეუბნება, ყოჩაღად გენაცვათ, ფეხი არ შეგიშინდეთ, ხომ იცით, იალბუზზე რომ არ ავიდეთ, ხევის პატარძალი გაგვიჯავრდება, მარტო მე რად დამიბრიყვეთ თუ ბიჭები იყავით, რატომ ჩემს უფროს ძმას ვერაფერი დააკელითო“… ძალიან უნდა იაგორას, რომ ავიდეთ იალბუზის მწვერვალზე, რომ არ ავიდეთ, სირცხვილიაო.  ყველას გვიყვარს იაგორა, თავისი ვაჟკაცობით, პირდაპირობით და სიყვარულით სავსე გულით.
იაგორა მთებსა და ბუნებას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს ისე უყურებდა.
ლევან გოთუას ღირსების სიგელით დაგაჯილდოვეს. თქვენ იცნობდით თინა იმნაიშვილს, ქალბატონს, რომელიც  ლევან გოთუამ ნარიმში საქართველოს რუკაზე გაატარა...
– ჩემთვის დიდი სიხარული, მოულოდნელობა და უდიდესი პასუხისმგებლობაა ლევან გოთუას ღირსების სიგელით დაჯილდოება. უამრავი თბილი მოგონება მაკავშირებს ლევან გოთუას დებთან, უდიდეს პატივს ვცემ ლევან გოთუას ძმისშვილს, ქალბატონ მაია გოთუას.
მახსენდება ერთი პატარა, მაგრამ საოცარი ისტორია: იყო ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი თინა იმნაიშვილი, რომელიც ციმბირში, ნარიმის ოლქში, მშობლების გადასახლებაში დაიბადა. მისი დედა – ოლია მესხი თავისი ექიმობის წყალობით თავისუფალ გადასახლებაში აღმოჩნდა, იქ გაიცნო ნესტორ იმნაიშვილი, მათ შექმნეს ოჯახი, ნესტორ იმნაიშვილი 1932 წელს დახვრიტეს და ოლია მესხი ფეხმძიმედ დარჩა. შორეულ ციმბირში ქართველები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, პატარა თინიკოც უმამოდ იზრდებოდა. ლევან გოთუამ საქართველოს რუკა გამოაგზავნინა საქართველოდან, რუკა იატაკზე გაშალეს და დეიდა თინას ფეხი საქართველოს რუკაზე აადგმევინეს. ლევანი საქართველოში დაბრუნებულ ოლია მესხს სწერდა: მეტად მენატრება თინიკო, წარმოდგენილი მყავს: ფეხშიშველა და მზენაწვავი შუხუთის ღელეებში დასდევს პეპლებს და ბაყაყებს, თან გაჰკივის ნარიმულ-გურულ კილოკავზე. ვკოცნი თინიკოს, ვავალებ (მე ხომ მის მასწავლებლად ვითვლები), ქართულის მცოდნე დამხვდეს – იქნებ მეც ჩამოვიდე ბოლოსდაბოლოს.
ეს რუკა დეიდა თინას სახლში ინახებოდა და მისი  ნახვისას ყოველთვის იდუმალი შეგრძნება მეუფლებოდა. ლევან გოთუა სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა თინა იმნაიშვილთან.
თქვენი ბავშვობა ყაზბეგს უკავშირდება. დღეს ის ტურისტულ ქალაქად იქცა
– ყაზბეგი მართლაც პატარა ტურისტული ქალაქია, რაც თან მახარებს და თან გული მწყდება, იმიტომ, რომ ყაზბეგმა ძველებური პეწი დაკარგა, „დელიკების“ ქალაქად გადაიქცა. ჩემი ძმა იაგო კაზალიკაშვილი არის ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, ძალიან კარგი საქმე კეთდება, კაპიტალური რემონტი უკეთდება მუზეუმს.
ჩვენს სახლში არის იაგორა კაზალიკაშვილის სახლ-მუზეუმი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, იმედი მაქვს, გამოჩნდება ვინმე, ვინც ყურადღებას მიაქცევს და იაგორას სახლი ისევ გახდება მთამსვლელების თავშეყრის ადგილი.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები