არტურ რემბოს კრებულის -„მხილველის პოეზიის“ ქართული თარგმანის წარდგენა გაიმართება

22 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ არტურ რემბოს პოეტური კრებულის -„მხილველის პოეზია“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი ირაკლი ყოლბაიამ თარგმნა და მთარგმნელთა გამომცემლობამ გამოსცა. პრეზენტაციაზე მთარგმნელი და ლიტერატურათმცოდნე გაგა ლომიძე ისაუბრებენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, არტურ რემბოს ეს კრებული განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის გამო, რომ, არტურ რემბოს შემოქმედება საფუძვლიანად არასდროს თარგმნილა ქართულ ენაზე (ერთი-ორი ცალკეული ლირიკული ნამუშევრის გამოკლებით), არამედ იმიტომაც, რომ ის კონცეპტუალური გააზრებით უყრის თავს რემბოს „გვიანდელ“, მეტად ექსპერიმენტულ და რადიკალურ ნამუშევრებს (მაგ., მის პროზაულ ლექსებს, ისევე როგორც მის, ალბათ, ყველაზე ცნობილ ლექსს „მთვრალი ნავი“ და საპროგრამო „მხილველის წერილებს“, საიდანაც არის კრებულის სათაური). ამრიგად, ეს კრებული წარმოადგენს ერთგვარ რუკას, როგორ იქცა 16-დან 21 წლამდე (როდესაც პოეტმა წერა შეწყვიტა) არტურ რემბო თანამედროვე პოეზიის ყველაზე რადიკალურ და ემბლემურ ფიგურად და როგორ, შეიძლება ითქვას, ჩაუყარა საფუძველი ლამის მთელი XX საუკუნის ავანგარდულ პოეზიას. ამ მხრივ ეს ციკლი შეიძლება, ზოგადად, კარგ შესავლად გამოდგეს XX საუკუნის იმ პოეტური ტრადიციისთვის, რომელსაც „ვიზიონერულს“ უწოდებენ, და რომლის კონკრეტულად რიმბლადიანური შესატყვისიცაა „მხილველური“.
კრებულში თავმოყრილია რემბოს „გვიანდელი” პერიოდის ყველა მნიშვნელოვანი ნიმუში. ესენია:
პროზაული ლექსების ორი მთავარი ციკლი – „გამონათებანი” და „ჟამი ჯოჯოხეთში”;
ამ პერიოდის ორი უმნიშვნელოვანესი ლექსი – „მთვრალი ნავი” და “ხმოვნები”;
ორი მნიშვნელოვანი წერილი („მხილველის წერილები“), რომლებშიც პოეტის ამ პერიოდის ესთეტიკური ამოცანებია ჩამოყალიბებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები