ბაქოში აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა

ბაქოში ოთხმხრივ ფორმატში, აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს და ხაზი გაუსვეს ოთხმხრივი თანამშრომლობის ფორმატის დაფუძნების მნიშვნელობას, როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, ასევე ზოგადად რეგიონის განვითარებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს აღნიშნულ ფორმატში წარმოდგენილ ყველა ქვეყანასთან და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ოთხივე ქვეყნის საერთო ინტერესს – ხელი შეუწყონ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.
მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა აზერბაიჯანის ტერიტორული მთლიანობის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა.
შეხვედრაზე აღინიშნა ახლად დაფუძნებული ფორმატის ფართო შესაძლებლობები სექტორული თანამშრომლობის განსავითარებლად ისეთ სფეროებში როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ახალი ტექნოლოგიები, ტურიზმის, ინფრასტრუქტურა და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანზიტო სფეროში ოთხმხრივ თანამშრომლობას, აღინიშნა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნების განვითარების მიმართულებით ოთხივე ქვეყნის მზარდი პოტენციალი და ამ კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობა.
„ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ სამმხრივ ფორმატებში, თუმცა ოთხმრივ ფორმატში არსებობს ახალი შესაძლებლობები და ჩვენი სურვილია, რომ ეს შესაძლებლობები იქნას მაქსიმალურად გამოყენებული რეგიონის სტაბილურობისთვის, განვითარებისა და მეტი ხალხთაშორისი კონტაქტებისთვის. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ განცხადებას, რომელშიც განსაზღვრულია ის მიმართულებები, რომელიც ამ ფორმატისთვის სახელმძღვანელო იქნება და გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ამ მიმართულებებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით, პირველ რიგში კი ეს ეხება სამხრეთ დასავლეთ სატრანზიტო დერეფნის განვითარებას, სადაც საქართველოს, ოთხივე ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“, – განაცხადა მინისტრმა შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.
მხარეები შეთანხმდნენ ოთხმხრივი ფორმატში სექტორული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები