რატი იონათამიშვილი: პრემიერის განცხადების შინაარსის მიზანმიმართული დამახინჯება ხდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ბოლო დროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ყურადღებით ვეცნობი ამ დღეებში პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებებს და აუცილებლად მიმაჩნია აღნიშნულ საკითხზე გავაკეთო კომენტარი. ჩვენი ოპონენტების ნაწილის მხრიდან დახატულია აპოკალიფსური სურათი, ხდება პრემიერის განცხადების შინაარსის მიზანმიმართული დამახინჯება და უფრო მეტიც, მათივე ნამოქმედარის დღევანდელი ხელისუფლებისთვის გადმობრალება.

ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ პრემიერი ფიქრობს ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ხოლო ოპონენტები საკუთარ ინტერესებზე.

ცალსახად მინდა განვაცხადო ის, რაც ქართული საზოგადოებისთვის ისედაც ნათელია, მეკავშირეების გარეშე რომელიმე მხარესთან მოლაპარაკების გამართვა არ იგეგმება. სწორედ ამიტომ იყო გამახვილებული ყურადღება ჟენევის ფორმატზე, რომელიც  გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის შუამავლობით იმართება და დისკუსიებს, ასევე, ესწრება ამერიკის შეერთებული შტატები. ამასთან ერთად, თითოეული ჩვენთაგანი თანხმდება, რომ კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია დიალოგის გარეშე და დიალოგის პროცესში  დიპლომატიური ფორმატის გარდა უდიდესი წილი საზოგადოებრივ დიალოგზე მოდის.

ამავე დროს, ყველა გონიერი ადამიანისთვის გასაგებია, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრის განცხადება ხდება საფუძველი, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ჩვენი და ჩვენი პარტნიორების რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში შევიდეს, სხვა ქმედებებთან ერთად, სწორედ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის განცხადებამ შეიძლება შექმნას აუცილებელი საერთაშორისო რეზონანსი, რომ მსოფლიო თანამეგობრობა დაინტერესდეს ამ საკითხით და ზეგავლენა მოახდინოს რუსეთზე არსებული ვითარების შეცვლის მიზნით. ამავე დროს, მოახდინოს მსგავსი დანაშაულების პრევენციაც.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მივესალმები ყველა იმ ქართველის, პოლიტიკოსის, ექსპერტის, თუ მოქალაქის განცხადებას, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებიდან არის ნაკარნახევი და რომელთა ერთადერთი მოტივი ჩვენი ქვეყნის გაერთიანების ნანატრი ოცნებაა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის პოლიტიკა, პირველ რიგში, არა პროფესია, ან ამჟამინდელი საქმიანობის სფეროა, არამედ საშუალება, რომ ჩვენი ქვეყნის ყოფიერება შეიცვალოს, ქვეყანა გამთლიანდეს, ადამიანებს მიეცეთ ცხოვრების და განვითარების ღირსეული საშუალება. ბუნებრივია, ის ადამიანური და ემოციური ფაქტორი, რაც ტატუნაშვილის გარდაცვალებამ გამოიწვია, თითოეულ ჩვენგანზე განსაკუთრებულ ემოციურ ფონს ქმნის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ქმედებები მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს.

განცხადების ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ  ვუთანაგრძნო ტატუნაშვილების ოჯახს და განვუცხადო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მისი ცხედარი საქართველოში იქნას გადმოსვენებული და თითოეულმა ჩვენგანმა შევძლოთ მისი იმქვეყნად ღირსეული გაცილება“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები