საჯარო რეესტრის ახალი სერვისით 350-ზე მეტმა პირმა ისარგებლა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი სერვისის, ბიზნესის დაწყების რეგისტრაციასთან ერთად დამატებითი ღირებულების გადასახადის  (დღგ) გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაციის მოთხოვნით, უკვე 350-ზე მეტმა პირმა მომართა.

საჯარო რეესტრისა და შემოსავლების სამსახურის ახალი სერვისით ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ პირებს, კომპანიის რეგისტრაციის  მოთხოვნასთან ერთად, იმავე განცხადებით,  დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაციის მოთხოვნაც შეუძლიათ  და ამისთვის შემოსავლების სამსახურში დამატებითი ვიზიტი აღარაა საჭირო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განაცხადს შემოსავლების სამსახურს თავად უგზავნის ელექტრონული პროგრამის საშუალებით  და შედეგად,  ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურის დასრულებასთან ერთად, სუბიექტი  დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ)  გადამხდელად რეგისტრირდება. შეტყობინებას დღგ-ს  გადამხდელად  დარეგისტრირების შესახებ დაინტერესებული პირი  მის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით იღებს.

ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული პირებისთვის ახალი,  გამარტივებული მომსახურება 2018 წლის 27 თებერვლიდან ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები