გიორგი მარგველაშვილმა ჰადსონის ინსტიტუტში ნატოს არაწევრი, მოკავშირე ევროპული დემოკრატიების წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ნატოს არაწევრი, მოკავშირე, ევროპული დემოკრატიების წინაშე დგას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ელჩები: დენიელ ფრიდი, ალექსანდერ ვერშბოუ, უოლტერ რასელ მიდი, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ბრიუს ჯექსონი, დოქტორები: რიჩარდ ვაიტცი, სტივენ ბლენკი, კენეტ ვაინშტაინი.
გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის აგრესიული, ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე ისაუბრა და ხაზს გაუსვა ამერიკისა და საქართველოს ძლიერი, მტკიცე, სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ასევე, საქართველოს მთავარ და წამყვან როლს ევროპული და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.
 
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დისკუსიისას აღნიშნა, ძლიერი და შეუქცევადია საქართველოს მთავრი და უმაღლესი მიზნისაკენ სწრაფვა – დაუბრუნდეს ევროპული ოჯახის ერებს, როგორც წამყვანი ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულყოფილი და სრულფასოვანი ერი.
 
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური აქტივობები.
 
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ჩვენი მეგობრების, პარტნიორების, მხარდამჭერების კონსოლიდაცია, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
 
“შეერთებულ შტატებში ვიზიტი ბრიუსელის ვიზიტის გაგრძელებაა, იმისათვის, რათა უმაღლეს დონეზე, უმაღლესი მნიშვნელობის პოლიტიკური საკითხების კიდევ უფრო მეტად გააქტიურება და მაღალ სტრატეგიულ რანგში აყვანა მოხდეს. დღეს ჰადსონის ინსტიტუტში პრეზიდენტის გამოსვლის დროს, საუბარი შეეხებოდა სწორედ საქართველო-აშშ-სა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერის როლში ყოფნა და ჩვენი მხარდამჭერების კიდევ უფრო მეტ მობილიზაციას, რომ საქართველო უფრო სწრაფად გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ამჟამად კი, ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან იყო ძალიან ძლიერი გზავნილი აშშ-ის ხელმძღვანელობის მიმართ, მხარდაჭერის თვალსაზრისით, უწყვეტი ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.
 
 
“პრეზიდენტმა სრულყოფილად აღნიშნა, იმ წარმატებული ნაბიჯების შესახებ, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ განახორციელა საქართველოს მხარდაჭერისათვის და მან ხაზგასმით აღნიშნა ამ მხარდაჭერის განსაკუთრებულობა და მისი გაგრძელების მნიშვნელობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზგასასმელი ფაქტია, რომ საქართველოს რეალურად ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი აშშ-ს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და წრეებში, სენატსა და კონგრესში, ექსპერტულ წრეებში. მე ბრიტანელი ვარ, თუმცა ორი წლის მანძილზე აქ ატლანტიკურ საბჭოში მუშაობის პერიოდში, მე ვნახე, თუ როგორ გასცდა საქართველოს მხარდაჭერა განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს და ერთიანი პოზიცია ფიქსირდება.
 
დღეს მე მოწმე ვიყავი განსაკუთრებული აქტივობის. საუბრის ძირითადი თემები იყო: საქართველოს უწყვეტი ძალისხმევა რეფორმების მიმართულებით, მის მტკიცე გადაწყვეტილებას – განაგრძოს მჭიდრო ურთიერთობა დასავლეთთან, და მის ძალისხმევას – განაგრძოს რეფორმების მიმდინარე პროცესი”, – აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.
 
დისკუსიას ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.
 
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 16 მარტს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები