რუსეთს უფლება აქვს, იარაღი გამოიყენოს უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების წინააღმდეგ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის სამხედროები პირდაპირ ჩართულები აღმოჩნდებიან რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში, თუ უკრაინა შორი მანძილის გერმანულ Taurus რაკეტებს გამოიყენებს.
„გახსოვდეთ, 2024 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მკაფიოდ განსაზღვრა რუსეთის პოზიცია დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, მწვანე შუქი მისცენ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში თავიანთი შორი მანძილის სისტემების გამოყენებაზე. ეს პოზიცია უცვლელი რჩება, რუსეთი მიიჩნევს, რომ უფლება აქვს საკუთარი იარაღი გამოიყენოს იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ თავისი იარაღის გამოყენების უფლებას გასცემენ. კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში კი მტკიცედ და სარკისებრ ვუპასუხებთ“, – განაცხადა ზახაროვამ.