“შუშა ჩამოვიღეთ და სკამი მივადგით” – რა ვითარებაში გადმოვარდა სიმაღლიდან ბავშვი და რას აცხადებს “მოზაიკის” დირექტორი

შენობა, საიდანაც 6 წლის ბიჭი გადმოვარდა, ბიზნესცენტრ „მოზაიკას“ ეკუთვნის.
როგორც „კვირას“ ბიზნესცენტრის დირექტორმა ნოდარ გიორგაძემ განუცხადა, რამდენიმე დღის წინ, შენობის მეხუთე სართულზე, მინის დამჭერები მწყობრიდან გამოვიდა და იქ მომუშავე პერსონალმა მინა თავად ჩამოიღო. უსაფრთხოების მიზნით კი, ფარდას სკამები „მიულაგეს“.
მისივე თქმით, შენობაში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო, თუმცა გიორგაძისთვის გაუგებარია, თუ როგორ მოხდა შემთხვევა.
„უკვე რამდენიმე დღეა, შენობის მე -5 სართულზე მინის დამჭერები გატყდა და მინა ჩამოვიღეთ. იქ ფარდები იყო ჩამოფარებული და სკამები იყო „მილაგებული“. შენობაში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და პასუხისმგებელი პირიც სამსახურში იმყოფება. სკამები იმიტომ დავალაგეთ, რომ იქ წესით არავინ უნდა მისულიყო. როგორც ჩანს, ვიღაცამ სკამი აიღო, ბავშვი მიეყრდნო და გადავარდა“, – აცხადებს ნოდარ გიორგაძე.
„კვირას“ კითხვაზე, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას, „მოზაიკის“ დირექტორს პასუხი არ აქვს.
„ახლა მე რას ვგრძნობ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, რა სისულეებს მეკითხებით. მთავარია ბავშვი გადარჩა და კარგად არის“, – ამბობს ნოდარ გიორგაძე.
ამასთან, „მოზაიკის“ დირექტორი ვერ აკონკრეტებს, როდის მოხსნეს შენობის მე-5 სართულიდან მინა ან როდის აპირებდნენ მინის ჩასმას შენობის მე-5 სართულზე.
დღეს, ნაშუადღევს, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ “მოზაიკაში” მიმდინარე კონცერტისას მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგი ამჟამად, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, 6 წლის ბიჭი საკონცერტო დარბაზ „კონგრეს ჰოლში“, მე-5-დან მე-4 სართულზე ჩავარდა.
დაშავებული ბავშვი თბილისის 61 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.
როგორც სკოლის დირექტორი შორენა ღუდუშაური ამბობს, მოზარდს ბებიაც ახლდა.
„ბავშვი შენობაში ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც კიბის უჯრედიდან ჩავარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია, კიბის უჯრედშია გადავარდნილი, რომელსაც ერთ-ერთი შუშა აკლდა და იქ ფარდა იყო ჩამოფარებული. ბავშვი ბებიასთან იდგა. როგორც ბებია ამბობს, ბავშვი ფარდით ჩასრიალდა“, – აცხადებს შორენა ღუდუშაური.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე „საქენერგოს“ კუთვნილი შენობის მე-6 სართულიდან მინა ჩამოვარდა, რომელიც 171-ე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლებს დაეცა. შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა. დაშავებული 6 მოზარდიდან ერთ-ერთი საავადმყოფოში, ოპერაციამდე გარდაიცვალა.

 იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები