ირაკლი კობახიძე: არსებობს დეცენტრალიზაციის პოლიტიკური ნება და რეფორმას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა

„ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს რეფორმა წარმატებით დაიგეგმოს და შესაბამისად, წარმატებით განხორციელდეს”,- ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციისას განაცხადა.

ხედვის წარდგენისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რას ნიშნავს დეცენტრალიზაცია. მისი თქმით, ქვეყანაში ადგილობრივი ხელისუფლების განვითარების პროცესი რთულად წარიმართა 90-იანი წლებიდან და წლების განმავლობაში, საქართველოში მოქმედებდა ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა, რომელიც თვითმმართველობის პრინციპს არ ეფუძნებოდა.

„კლასიკური გაგებით ეს არის  უფლებამოსილებებისა და  რესურსების გადაცემა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული კუთხით დამოუკიდებელი ადგილობრივი  თვითმმართველი ერთეულებისათვის. პრემიერმა უკვე გამოყო სამი ძირითადი ასპექტი იმ რეფორმის, რომელსაც ვიწყებთ. ეს არის სწორედ უფლებამოსილებების გადაცემა, ეს არის რესურსების გადაცემა და ბუნებრივია, უფლებამოსილებებისა და რესურსების გადაცემასთან ერთად, საჭიროა თვითმმართველობის აღჭურვა სათანადო ადმინისტრაციული  და ადამიანური რესურსებით. საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარება. საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების განვითარების პროცესი საკმაოდ რთულად წარიმართა 90-იანი წლებიდან. წლების განმავლობაში მოქმედებდა საქართველოში, მოგეხსენებათ ადგილობრივი მმართველობის სისტემა, რომელიც არ ეფუძნებოდა თვითმმართველობის პრინციპს. ყველა გამგებელი, მერი ინიშნებოდა ცენტრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ. შემდეგ გადავედით ჩვენ ერთგვარ შერეულ სისტემაზე, შემოღებულ იქნა ქვედა დონეზე, სოფლის, დაბის, მცირე ქალაქების დონეზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს ერთეულები  არ იყვნენ აღჭურვილი შესაბამისი რესურსებით, რეფორმა, როგორც ასეთი, ჩავარდა. არაეფექტური იყო ადგილობრივ დონეზე, ქვედა დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობა. ამის შემდეგ, საქართველო შეუერთდა ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას, რომლის საფუძველზეც, ქვეყანამ აიღო თავის თავზე ვალდებულება შემოეღო დეცენტრალიზებული  ადგილობრივი ხელისუფლების სისტემა. ქარტიის საფუძველზე მიღებულ იქნა ახალი კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, რომელიც ამოქმედდა 2006 წლიდან და რომლის საფუძველზე ჩამოყალიბდა ერთდონიანი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა. თავისთავად, შესაძლებელი იყო, ეს რეფორმა დასრულებულიყო წარმატებით, თუმცა მთავარი ასპექტი ამ შემთხვევაშიც იყო, რა თქმა უნდა, უფლებამოსილებების და რესურსების გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობისათვის. სწორედ იმის გამო, რომ ადმინისტრაციულ რეფორმას თან არ უძღოდა უფლებამოსილებებისა და რესურსების გადაცემა, ეს რეფორმაც წარმატებით, სამწუხაროდ, ვერ დაგვირგვინდა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, დეცენტრალიზაციაზე საუბარი 2012 წლის არჩევნების შემდეგ განახლდა, თუმცა, პროცესი ბოლომდე წარმატებული არც ამ შემთხვევაში იყო, რადგან უფლებამოსილებისა და რესურსების ნაცვლად, აქცენტი ადმინისტრაციულ მხარეზე გაკეთდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრატეგიის მთავარი მიზანი თვითმმართველობების სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვა უნდა იყოს.

„აქცენტი გაკეთდა ამ შემთხვევაშიც ადმინისტრაციულ მხარეზე, ტერიტორიულ საფუძვლებზე, ინსტიტუციურ მოწყობაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, მაინც ერთგვარი,  მეორეხარისხოვანი ასპექტი დეცენტრალიზაციის, მთავარი მაინც არის, რა თქმა უნდა, მეტი უფლებამოსილებები და მეტი რესურსები ადგილობრივი ხელისუფლებისათვის. ჩვენი მიზანი ზუსტად ეს არის, გავაკეთოთ სწორი აქცენტები და სწორი აქცენტი ზუსტად ამაში მდგომარეობს, სტრატეგიის მთავარი მიზანი უნდა იყოს  თვითმმართველობების აღჭურვა სათანადო უფლებამოსილებებით და სათანადო ფინანსური, მატერიალური რესურსებით. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, კომპლექსური სტრატეგია. თუ არ იქნება გააზრებული რეფორმის  თითოეული ასპექტი, თუ, მაგალითად, უფლებამოსილებებს სწორედ არ გაყვა რესურსები, რესურსებს სწორად თუ არ გაყვა შესაბამისი ადამიანური რესურსი და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, რეფორმა შეიძლება  წარმატებით ვერ განხორციელდეს. სწორედ ამიტომ არის საჭირო კომპლექსური მიდგომა და სწორედ ამიტომ არის საჭირო დეცენტრალიზაციის ერთიანი, კომპლექსური სტრატეგიის შემუშავება და ეს არის ის პროცესი, რომელიც არის ამჟამად დაწყებული და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს და უფრო მეტიც, ვიტყვი, დარწმუნებით, რომ ეს   პროცესი წარმატებით დასრულდება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ფისკალურ დეცენტრალიზაციას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ფინანსური რესურსების გადაცემა ამ რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი უნდა იყოს. ირაკლი კობახიძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ჩვენი ფისკალური დეცენტრალიზაციის მოდელი ევროპულ სისტემას დაუახლოვდეს.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე 7%-იან მაჩვენებელზე, რაც არის ერთგვარი ევროპული მინიმუმი. ბუნებრივია, სტანდარტი ნორმატიული სახით ან სხვა რაიმე მკაცრი ფორმით განსაზღვრული არსად არ არის,  თუმცა თუ ჩვენ ავიღებთ ევროპულ პრაქტიკას, გამოცდილებას, ვნახავთ, რომ 7% არის ერთგვარი ევროპული მინიმუმი ფისკალური დეცენტრალიზაციის. საუბარი მაქვს მთლიან შიდა პროდუქტთან ადგილობრივი შემოსავლების მიმართებაზე, რაც უნდა იყოს 7%. ერთ- ერთი  მთავარი მიზანი უნდა იყოს ის რომ, ჩვენ ჩვენი ფისკალური დეცენტრალიზაციის მოდელი დავუახლოვოთ ევროპულ სისტემებს და ევროპულ მოდელებს, რაც უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა, საშუალო ვადიან პერსპექტივაში. უნდა იყოს გაწერილი შესაბამისი გეგმა საშუალო ვადიან პერსპექტივაში და ამის საფუძველზე უნდა აღიჭურვოს თვითმმართველობები    დამატებითი ფინანსური რესურსებით. ბუნებრივია, ფისკალური დეცენტრალიზაციის მოდელი არსებობს სხვადასხვა. აქედან გამომდინარე, საჭიროა სიღრმისეული ანალიზი იმისა, თუ საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით რომელი მოდელი არის უკეთესი, რომელი გადასახადები შეიძლება გადანაწილდეს, როგორი უნდა იყოს გათანაბრებითი ტრანსფერის როლი, როგორ უნდა განისაზღვროს გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა და ა.შ. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე ჩამოსაყალიბებელი და ამაზე მიმდინარეობს ახლა, ბუნებრივია, მუშაობა  სტრატეგიის შემუშავების პროცესის ფარგლებში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ქონების გამიჯვნის საკითხებს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს პროცესი 2006 წლიდან დაიწყო, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები დღემდე შეზღუდული ქონებრივი რესურსებით სარგებლობენ.

„აქაც სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე უნდა განისაზღვროს ის, თუ როგორ  შეიძლება გაიმიჯნოს ესა თუ ის ქონებრივი რესურსი, ანუ  სახელმწიფოსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ თვისებრივი უნდა იყოს ზრდა, როგორც უფლებამოსილებების, ასევე, ფინანსების, ასევე სხვა მატერიალური რესურსების   თვალსაზრისით. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რესურსების გარეშე ადგილობრივი თვითმმართველობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაძლიერდება, როგორი ინსტიტუციური   მოდელიც არ უნდა შექმნა. თუ არ გაქვს  რესურსი იმისათვის, რომ უფლებამოსილებები განახორციელო, მოემსახურო შენს მოქალაქეებს, ბუნებრივია, ვერცერთი ინსტიტუციური მოდელი ამაში ვერ დაგეხმარება. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ფინანსური მატერიალური რესურსების გადაცემას უნდა მიენიჭოს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზენტაციის წარდგენისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ადამიანური რესურსების განვითარების მნიშვნელობაზეც. მისი თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს მოხელეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მდგრადი სისტემა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმატების აუცილებელი პირობა და სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. „მეტი უფლებამოსილების და მეტი რესურსების გადაცემა ადგილობრივ დონეზე არის დაკავშირებული გარკვეულ რისკებთან იმ პირობებში, როდესაც ადამიანური რესურსები არ არის ჯერ კიდევ სათანადოდ განვითარებული. რისკები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი. დაწყებული არაეფექტიანი მენეჯმენტით, დამთავრებული თუნდაც, კორუფციასთან დაკავშირებული საფრთხეებით. აქედან გამომდინარე, უფლებამოსილებების გადაცემასთან ერთად საჭიროა ზრუნვა შესრულების განვითარებაზე, რასაც სჭირდება დამოუკიდებელი, კომპლექსური ხედვის ჩამოყალიბება. უნდა ჩამოყალიბდეს მათ შორის მოხელეთა მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მდგრადი სისტემა, რაც არის აუცილებელი პირობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმატების და ესეც უნდა იყოს სტრატეგიის ერთერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ამჟამად მზადდება ხელისუფლების მიერ”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე ე. წ. კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა და ადგილობრივი საჯარო სისტემის სამსახურის განვითარება. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ამოცანა აქტუალურია ცენტრალური ხელისუფლებისთვისაც. მისივე თქმით, ასევე აქტუალურია ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურის განვითარება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ადგილობრივ თვითმმართველობაში ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდის მნიშვნელობა. მისი თქმით, ზრუნვის საგანი უნდა იყოს  ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობა.

„თავისი არსით, თვითმმართველობა ნიშნავს, რომ მოქალაქეები თავად წარმართავენ თავიანთ საქმეებს, ისე, რომ ისინი უშუალოდ არიან ჩართული ადგილობრივი საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ეს ყველაფერი საჭიროებს რა თქმა უნდა დეცენტრალიზაციას. სადაც ჩნდება მეტი რესურსი, იქ ჩნდება საშუალება, რომ მოქალაქე ჩაერთოს თვითმმართველობის განხორციელებაში.

იმ პირობებში, როდესაც ძალიან მწირი რესურსები იხარჯება ადგილობრივ დონეზე, სოფლის საჭიროებებისთვის, ქალაქის საჭიროებებისთვის, ბუნებრივია ქალაქის, სოფლის მოსახლეობის მოტივაციაც ჩაერთოს თვითმართველობის განხორციელებაში არის ძალიან დაბალი და ეს განაპირობებს ძალიან დაბალ მაჩვენებლებს თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის თვალსაზრისით.

დეცენტრალიზაციასთან და რესურსების გადაცემასთან ერთად ბუნებრივია გაიზრდება მოქალაქეთა მოტივაციაც თითონ მიიღონ გადაწყვეტილება საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თუმცა, ამასთან ერთად არის საჭირო სათანადო ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა,  ქალაქების, სოფლების, უბნების დონეზე. ამაზე არის მუშაობა საჭირო. ანალიზი საჭირო, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი მექანიზმი ჩამოყალიბდეს მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად”,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის როლზეც. ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს ასოციაციის რესურსები საკმაოდ შეზღუდულია, თუმცა, მან  იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიის საფუძველზე, ასოციაცია რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გახდება. „ვისაც გვქონდა შეხება ადგილობრივი თვითმმართველობების სისტემების ფუნქციონირებასთან ევროპის ქვეყნებში, კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ასოციაციების როლი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებაში. ხშირად ამ სისტემებში თვითმმართველობების ასოციაცია და ხელისუფლება თანაბარ სუბიექტებად გამოდიან ხოლმე შესაბამისი დიალოგის წარმოების პროცესში. დღეისათვის ამ ასოციაციის რესურსები არის საკმაოდ შეზღუდული, თუმცა,  ძალიან დიდი იმედი მაქვს, მათ შორის ამ სტრატეგიის საფუძველზე, ასოციაციის რესურსები მნიშვნელოვნად განვითრდება და ასოციაცია გახდება რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ერთერთი მთავრი მონაწილე მხარე და სუბიექტი.

პროცესი დაწყებულია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა. მე ჩამოვთვალე მთელი რიგი დონორებისა, რომლებიც ამ წლების განმავლობაში თვითმმართველობის გაძლიერებაში იყვნენ ჩართულნი. იმდენი დონორი იყო ჩართული, დარწმუნებული ვარ, რომ გამომრჩა ზოგი, შეუძლებელია ყველა მათგანის ჩამოთვლა.

ჩვენი მეგობრების, ჩვენი პარტნიორების პრიორიტეტი, არის საქართველოში თვითმმართველობის გაძლიერება და აქედან გამომდინარე, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მათი მხარდაჭერა ამ პროცესის იქნება ძალიან დიდი და ძლიერი.

რაც შეეხება ხელისუფლების მხარეს – ეს პროცესი საიმედო ხელშია. ამ პროცესს უშუალოდ ბატონი ზურაბ ალავიძე წარმართავს და პროცესი ძალიან აქტიურად წარიმართება. იმავე შეიძლება ითქვას საქართველოს პარლამენტზე, ბატონი ზაზა გაბუნია, რომელიც გახლავთ რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, აქტიურად არის პროცესში ჩართული და ჩვენ ვიცით მისი შესაძლებლობები.

აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს რეფორმა წარმატებით დაიგეგმოს და შესაბამისად, წარმატებით განხორციელდეს. საჭიროა კომპლექსური ხედვის არსებობა იმისათვის, რომ თვითმმართველობის რეფორმა წარმატებით განხორციელდეს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზენტაციისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმის როგორც დაგეგმვის, ასევე, შემდგომი განხორციელების პროცესი ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა წარიმართოს.

„საბოლოო მიზანი, აქ საუბარია დაახლოებით 7-8 წლიან პერსპექტივაზე, არის ის, რომ დავუახლოვდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ სტანდარტებს. მიზანია, რამდენჯერმე გაიზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური რესურსები. აქედან გამომდინარე, მთავარი ამ პროცესში არის პოლიტიკური ნება.

მახსოვს პროცესები, რომელიც წარიმართებოდა თვითმმართველობის გარშემო 2006 წლიდან, ბევრი მხარდამჭერი იყო ჩართული, საერთაშორისო საზოგადოება, დონორები, ექსპერტები, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო ხოლმე საკმარისი პოლიტიკური ნება, ეს პროცესი ბოლომდე ვერასდროს ვერ მიდიოდა. ახლა მთავარი ისაა,  რომ არსებობს დეცენტრალიზაციის პოლიტიკური ნება  და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობას, პირადად, პრემიერს, ამ პოლიტიკური ნების წინ წამოწევისთვის და იმისთვის, რომ ამ რეფორმას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა მთავრობიდან. და მთავრობა, პარლამენტთან ერთად, უშუალოდ წარმართავს იმ პროცესს, რომელიც არის დაკავშირებული რეფორმის დაგეგმვასთან და განხორციელებასთან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თითოეული თქვენგანის როლი და წვლილი  არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესში და ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომები, ხარვეზები და ამისგან დაგვაზღვევს სწორედ ფართო კონსულტაციები და ასეთი ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა წარიმართოს რეფორმის როგორც დაგეგმვის, ასევე შემდგომი განხორციელების პროცესი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დისკუსიას მოდერირებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა უწევდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები