დედაქალაქის ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ხვალიდან მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან
ძალიან ვთხოვ თითოეულ ადამიანს, როდესაც ისარგებლებენ სამარშრუტო ტაქსებით, რომლებიც 14 ქუჩაზე იმოძრავებენ, მოითხოვონ გაჩერებები მხოლოდ მოსაცდელებზე – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ცვლილებები მგზავრთა უსაფრთხოებას და დამატებითი საცობების ნაკადების თავიდან აცილებას ემსახურება.
„მოგეხსენებათ, 1-ელი მარტიდან ჩვენ ორი დიდი საპილოტე პროექტის დაწყებას ვგეგმავთ და ძალიან ვთხოვ თითოეულ ადამიანს, როდესაც ისარგებლებენ სამარშრუტო ტაქსებით, რომლებიც 14 ქუჩაზე იმოძრავებენ, მოითხოვონ გაჩერებები მხოლოდ მოსაცდელებზე. ეს ორ მთავარ მიზანს ემსახურება, პირველი ეს არის მგზავრთა უსაფრთხოება, მეორე – დამატებითი საცობების ნაკადების თავიდან აცილება. შესაბამისად, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები 1-ელი მარტიდან მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერებენ. მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაემორჩილონ იმ მოთხოვნებს, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
დედაქალაქის მერიის აღნიშნული საპილოტე პროექტი პირველი მარტიდან ამოქმედდება.
საპილოტე პროექტი ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანისა და პეკინის გამზირებს, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ჟიული შარტავას, ვახტანგ გორგასლის, ჯორჯ ბუშის ქუჩებს, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილს შეეხება.