დავით სერგეენკო: პროგრამით გათვალისწინებული ესენციური მედიკამენტების ჩამონათვალი 50-მდე იზრდება
“მიმდინარე პროგრამა გულისხმობს 23 მედიკამენტის მიწოდებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. ამ ბენეფიციარებს დაემატებიან ასაკით პენსიონერები და შშმ პირები, თუმცა მცირედით განსხვავებული ფორმატით”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ფარმაცევტულ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 23-დან 50-მდე იზრდება პროგრამით გათვალისწინებული ესენციური მედიკამენტების ჩამონათვალი.
მინისტრის თქმით, მედიკამენტების გაფართოებული რაოდენობით, ყველა ბენეფიციარი, სარგებლობას წლის ბოლოდან ან მომდევნო წლის დასაწყისიდან შეძლებს.
„ყველაზე დიდი გამოწვევა არის მეორე ტიპის დიაბეტი. პენსიონერებს და შშმ პირებს მიეცემათ საშუალება, ამ ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები ჯერადობით ნაკლებ ფასად შეიძინონ, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ ვერ შეიძენენ ერთ ლარად. პროგრამას ასევე დაემატება მაღალი არტერიული წნევის და სავარაუდოდ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. ახალი ეტაპი ჩვენი გათვლებით დაიწყება მაისში. შშმ პირები პროგრამაში არსებული 23 მედიკამენტით, რომლებსაც დაემატება სხვა მედიკამენტებიც, სავარაუდოდ, შემოდგომიდან ისარგებლებენ. მთლიანად, მედიკამენტების გაფართოებული რაოდენობით (50-მდე) ყველა ბენეფიციარი სარგებლობას შეძლებს წლის ბოლოდან ან მომდევნო წლის დასაწყისიდან“, – განაცხადა სერგეენკომ.