გიორგი სანაიას ოჯახის წევრები პროკურატურაში იმყოფებოდნენ

გარდაცვლილი ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ოჯახის წევრები პროკურატურაში დღეს, კიდევ ერთხელ იმყოფებოდნენ.

სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას პატიმარ კოტე ციხისთავის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებების შემდეგ, სადაც ის შეკვეთილ მკვლელობაზე საუბრობდა.

საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, ვახო სანაიამ განაცხადა, რომ საქმე ფალსიფიცირებულია და პროკურატურამ ის თავიდან უნდა გამოიძიოს.

„საქმის კურსში ჩავაყენე, ვუთხარი, რა იყო ჩვენი აზრით, ამ საქმეში არასწორად გაკეთებული და საქმე, პრაქტიკულად, მთლიანად ასეთია, ფალსიფიცირებულია, ყველა ეტაპზე. დღეს ამ შეხვედრის მიზანია, რომ მე დამატებითი ინფორმაცია მივიღო თუ რა სამართლებრივი საფუძვლებით მიმდინარეობს ამ საქმის შესწავლაში, რაც ეხება ციხისთავის ეპიზოდს,“- განაცხადა ვახო სანაიამ.

გიორგი სანაიას მეუღლის, ხათუნა ჩხაიძის განცხადებით კი, მკვლელობა შეკვეთილი იყო. მისივე ინფორმაციით, დაქირავებული მკვლელი მათ სახლში შეიპარა და ერთი გასროლით მოკლა მისი მეუღლე.

„გიორგი იყო შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი, მკვლელობის დღეს გიორგის მოპარეს სახლის გასაღები, დაქირავებული მკვლელი შეიპარა ჩვენს სახლში და ერთი გასროლით მოკლა გიორგი,“- განაცხადა გიორგი სანაიას მეუღლემ, ხათუნა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები