კამერებმა კავკასიაში გადაშენების პირას მყოფი ლეოპარდები აღბეჭდა

სომხეთის სამხრეთ ნაწილსა და აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა გადაშენების პირას მყოფი ლეოპარდები აღბეჭდა, რაც ამ ტერიტორიაზე სულ მცირე ერთი ხვადისა და 2 ძუ ლეოპარდის ბინადრობას ადასტურებს.
„ეს დადებითი მოვლენაა, რაც მოწმობს, რომ იშვიათი ცხოველი კავკასიაში ჯერ კიდევ დაცულია“, – განაცხადა მსოფლიოს ცხოველთა ფონდის კავკასიის რეგიონის დირექტორმა ნუგზარ ზაზანიშვილმა. მსოფლიოს ცხოველთა ფონდმა და კატისებრთა ოჯახის მტაცებელთა სპეციალისტების ჯგუფმა ლეოპარდების გადასარჩენად კავკასიის სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგია მიღებულია სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობების მიერ როგორც ეროვნული სამოქმედო გეგმა, რაც ლეოპარდების პოპულაციების მონიტორინგს, ბრაკონიერობის აღკვეთასა და დაცული ტერიტორიების რიცხვის ზრდას გულისხმობს.
2002 წლიდან სომხეთში დაცული ტერიტორიების რიცხვი 4-ით გაიზარდა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 2.9%-ს შეადგენს. ამჟამად აღრიცხულია დაახლოებით 1300 კავკასიური ლეოპარდი. ისინი, ძირითადად, ბინადრობენ ირანისა და ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე. კავკასიური ლეოპარდი, რომელიც ასევე ცნობილია სპარსული ლეოპარდის სახელით, წარსულში გავრცელებულ სახეობას წარმოადგენდა. ეს ველური ცხოველები უხვად ბინადრობდნენ შავი ზღვისა და კასპიის ზღვის მთიან რეგიონებში, თუმცა მათმა რიცხვმა მე-20 საუკუნეში საგრძნობლად იკლო. გასულ ზაფხულს, პირველად უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, ლეოპარდის 2 ბოკვერი დაიბადა რუსეთში.

წყარო: http://wwf.panda.org

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები