მარკო რუბიო: აშშ-ისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ყოველთვის ურთიერთდამოკიდებული იქნება – ვინაიდან ეს რეგიონი 21-ე საუკუნეში ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად ყალიბდება, მტკიცედ მჯერა, რომ 21-ე საუკუნის მომავალი სწორედ ამ რეგიონში და აქ მიმდინარე მოვლენების განვითარების მიხედვით დაიწერება
„ვინაიდან ეს რეგიონი 21-ე საუკუნეში ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად ყალიბდება – და ამას სრული პატივისცემით ვამბობ მსოფლიოს სხვა რეგიონების მიმართაც, რომლებზეც ასევე ვზრუნავთ და რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ – მტკიცედ მჯერა, რომ 21-ე საუკუნის მომავალი და მისი ისტორია სწორედ ამ რეგიონში და აქ მიმდინარე მოვლენების განვითარების მიხედვით დაიწერება. შეერთებული შტატებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ყოველთვის ურთიერთდამოკიდებული იქნება“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) და შეერთებული შტატების მინისტერიალის შემდგომ გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მარკო რუბიოს განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია ავითარებს ციფრულ ეკონომიკას, ახდენს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას და ქმნის უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვს, აშშ-ს სურს რომ იყოს ასოციაციაში შემავალი ქვეყნების ყველაზე სანდო პარტნიორი თითოეულ ამ წამოწყებაში.
„იმ ფონზე, როდესაც „ASEAN“ ავითარებს ციფრულ ეკონომიკას, ახდენს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას და ქმნის უფრო უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვს, აშშ-ს სურს, რომ ამ რეგიონული გამოწვევების გადასაჭრელად პრაქტიკული გადაწყვეტილებები შესთავაზოს. გვსურს, ვიყოთ თქვენი ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სანდო პარტნიორი თითოეულ ამ წამოწყებაში. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მხარი დავუჭიროთ რეგიონულ უსაფრთხოებას „ASEAN“-ის ქვეყნებისთვის განაღმვითი სამუშაოებისთვის თითქმის 130 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფით, რაც ასახავს ჩვენს ზრუნვას რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ „ASEAN“-ის პროგრამებსა და საქმიანობას საფუძვლად პრაგმატიზმი უდევს და გვსურს, ხელი შევუწყოთ უფრო უსაფრთხო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის შექმნას თქვენი ხალხისთვის.
შეერთებული შტატები, როგორც უკვე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დგას „ASEAN“-ის გვერდით.ჩვენ ერთად ვმუშაობთ ჩვენი ეკონომიკისა და ხალხის გასაძლიერებლად მომავალზე ორიენტირებული თანამშრომლობის გზით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ აშშ იყოს თქვენი საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორი მომდევნო 50 წლის განმავლობაში და მის მიღმაც. ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ჩვენს დღევანდელ დისკუსიას იმ საკითხებზე, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას მომავალი წლების განმავლობაში,“ – აღნიშნა მარკო რუბიომ.